მოხუცები სასიყვარულო სამკუთხედში

Posted on May 20, 2012

0



(თარგმანი)სამი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი – ჯეინი, 82 წლის; უილი, 84 წლის და ადინა, 90 წლის – ერთგვარი სასიყვარულო სამკუთხედით ცდილობს, შეიმსუბუქოს მარტოობის ტკივილი და ასაკის მატების ყოველდღიური შიში. ტრიო ყოველდღიურად ხვდება ერთმანეთს ზრუნვის ცენტრის მთავარ განყოფილებაში (ისინი ცენტრის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ), რათა ერთად გაატარონ დარჩენილი დღეები. უილი ჯერ ჯეინს გაუვლის ხოლმე თავის ზრუნვის ცენტრში, ხანგრძლივი კოცნით ესალმება, შემდეგ კი ადინაც უერთდებათ, რომ დატკბენ იმით, რასაც ყოველი შემდეგი დღე მათ მოუტანს.

ბოლო ხანებია, მათ ისიდორა კოსოფსკიც შეუერთდათ, რომელმაც გამზრდელი ბებიის გარდაცვალების შემდეგ კათარზისი ფოტოგრაფიაში ნახა. „მწუხარებამ, რომელიც ბებიის გარდაცვალების შემდეგ ვერაფრით მოვიშორე, გაუცნობიერებლად მიმიყვანა ფოტოგრაფიამდე. გადავწყვიტე, ამესახა მოხუცების ცხოვრება და ურთიერთობები,“- ამბობს კოსოფსკი.

ამ სამი ადამიანის ურთიერთობა აშკარად უპირისპირდება კულტურულ ნორმებს. უილი, რომელსაც ფოტოგრაფი ტრიოს დამაკავშირებელს უწოდებს, ამბობს „ ჩვენ ვცხოვრობთ ნორმებისა და კანონების მაღლა; არა კანონების გარეთ, არამედ მაღლა.“ უილს, ჯეინსა და ადინას აკავშირებთ უფრო მეტი ვიდრე დრო და სივრცეა. „სიყვარული სხვადასხვა სახით არსებობს,“ უთხრა ადინამ კოსოფსკის. მათი ურთიერთობა, სხვა ურთიერთობების მსგავსად, შესაძლოა დიდი იმედგაცრუების მიზეზიც გახდეს მოხუცებისთვის. ერთხელ ჯეინმა ისიდორას გაანდო, რომ „ გაუზიარო უილი სხვას, ეს შენს მხარეზე გამოშვერილ ეკალს გავს, რომელიც მუდმივად გაწუხებს. ურთიერთობა ქალსა და კაცს შორის პირადულია. ეს წყვილის საქმეა და არა სამი ადამიანის.“ მიუხედავად ჯეინის შიშებისა, მან უნდა გაუზიაროს უილი ადინას, ისევე როგორც ადინამ უნდა „გაუყოს“ ჯეინს თავისი მეგობარი მამაკაცი.

კოსოფსკი ტრიოს მაშინ შეხვდა, როდესაც ფოტოგრაფობა სამი წლის დაწყებული ჰქონდა. „ვაღიარებ, ამ ჯგუფთან იმიტომ დავმეგობრდი, რომ ჯეინსა და ადინაში თითქოს საკუთარი თავი დავინახე. უილიც ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის, უფრო სწორედ, მახსენებდა მამაკაცს, რომელსაც ოდესღაც ვიცნობდი,“-აღნიშნავს ისიდორა-„მათი შემხედვარე, ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება.“

კოსოფსკი ახლაც ახალგაზრდაა. ის 18 წლისაა და ლოს ანჯელესში დოკუმენტური ფოტოგრაფიითა დაკავებული – შთაგონებას კი ისეთი ფოტოგრაფებისგან იღებს, როგორიც ჯეინ ეველინ ეტვუდია, რომელმაც წლები მიუძღვნა ერთი საგნის გადაღებას. კოსოფსკი დარწმუნებულია, რომ ხანგრძლივი პროექტები უკეთეს საშუალებას იძლევა ამბის თხრობისთვის. საკუთარ პროექტებში ის ცდილობს, საკუთარი თავი ჩააყენოს არა საგნების უბრალო დამთვალიერებლის, არამედ მფლობელის როლში.

„ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები თითქოს უფრო და უფრო ნაკლებად შესამჩნევნი არიან. ვაკვირდებოდი, ბებია სიცოცხლის ბოლო წლებში საზოგადოებისგან თითქოს სულ უფრო დისტანცირებული ხდებოდა,“- ამბობს კოსოფსკი. ამჟამად ფოტოგრაფი ასაკის მატებასთან დაკავშირებული სამნაწილილიანი ფოტო-სერიის მომზადებითაა დაკავებული. „ვგრძნობ, რომ ასაკი ბარიერად აღიქმება ხშირად და ჩვენც ერთხელ მაინც ხომ განგვიცდია იზოლაციის, მარტო დარჩენის შიში, პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით,“-განმარტავს ფოტოგრაფი,-„ჯეინისა და ადინას არყოფნისასაც კი უილი ხელებგაშვერილი დადის, თითქოს ელოდება ვიღაცას, ვინც ჩაეხუტება.

ეს ჩემი ფავორიტია❤

ფოტოები Isadora Kosofsky

წყარო – ჟურნალი “Time”