ემიგრანტი ქალის მსხვერპლი და ინვესტიცია

Posted on July 12, 2012

3



ბოლო 12 წელია მარინა გ.–ს “ბერძნული დილა” ერთნაირად იწყება. 6 საათზე უნდა გაიღვიძოს, მოხუცისთვის საჭმელი მოამზადოს, სახლი დაალაგოს, თან დღის გეგმებს გადახედოს. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში 6 დღე გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, ბევრი რამ მაინც ყოველდღიურადაა დასაგეგმი  – რა აჭამოს “ბებიას,” სად გაასეირნოს, როდის მოვლენ მასპინძელი ოჯახის წევრები, როგორ დახვდეს მათ და ა.შ. თან თავის ნამდვილ ოჯახზეც უნდა იფიქროს, ზესტაფონში რომ დატოვა. როგორ გადაანაწილოს თვის ბოლოს მიღებული ანაზღაურება, რომელიც ბერძნული ეკონომიკური კრიზისის გამო უფრო და უფრო მცირდება; რამე ხომ არ უჭირთ; როდის მოახერხებს სახლში დაბრუნებას; ან , ღირს კი უკან დაბრუნება? არადა, საბერძნეთშიც თანდათან უფრო ჭირს ცხოვრება… არამხოლოდ ემიგრანტებისთვის, ადგილობრივებსაც ბევრი თავის ტკივილი გაუჩნდათ ბოლო ხანებში.

51 წლის ასაკში რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, სამუშაოდ სხვა ქვეყანაში უნდა წასულიყო, დაეტოვებინა სახლი, ქმარ-შვილი, შვილიშვილები, შვილის საფლავი. 14 წლის წინ რუსეთში ბიჭი დაეღუპა. ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომუკურ ფონს, ოჯახური ტრაგედია და უსახსრობაც დაემატა. იძულებული გახდა ვალი აეღო და სალონიკში არალეგალურად ჩასულიყო. სამსახურიც იშოვა, მოხუცის მომვლელად, და ერთფეროვანი, მძიმე დღეებიც დაიწყო.

წლების განმავლობაში რამდენიმე “მასპინძელი” გამოიცვალა, ერთი და იმავე მიზეზით. როცა მოხუცი კვდება, ახალი სამსახური უნდა მოძებნო, ისევ მოხუცის მომვლელად. არალეგალებისთვის მხოლოდ ასეთი ტიპის, საოჯახო სამუშაოებია ხელმისაწვდომი. მოხუცის ჩაცმით დაწყებული, მისი ჰიგიენური მოვლით დასრულებული, ყველაფერი მომვლელის გასაკეთებელია. ოჯახის წევრებს თითქმის ყველანაირი პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვთ, მხოლოდ საკვებზე, მომვლელის ანაზღაურებასა და საყოფაცხოვრებო ხარჯებზე ზრუნავენ.

გენდერის კვლევების სპეციალისტები სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ საქართველოდან წასულ მიგრანტთა 62–65% ქალია. თუმცა ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ამ თემაზე კვლევები ბოლოს, დაახლოებით, 10 წლის წინ ჩატარდა. შვედური საერთაშორისო ორგანიზაცია SIDA-ს პუბლიკაციის მიხედვით, “საქართველოს ფინანსური პოლიტიკის გენდერული განზომილებები,” (2009წ.) 2002 წლის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრანტების 62,2%–ს ქალები შეადგენდნენ. ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა უცხო ქვეყანაში ეკონომიკური მოტივებით მიდის. მიგრაციის ფემინიზაცია სპეციფიკურად ქართული მოვლენა არ გახლავთ. ასეთი ტენდენცია ზოგადად მსფლიოში არსებობს, რასაც შრომის საერთაშორის ბაზარზე ქალი მუშახელის მოთხოვნილება განსაზღვრავს. ეს ძირაითადად შიდა ოჯახური სამუშაოა, რაც დალაგებას, მოხუცისა და ბავშვის მოვლას, საჭმლის მომზადებას და ა.შ. გულისხმობს, რაც ტრადიციულად ქალის საქმიანობად აღიქმება.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის დოქტორი, ამბობს, რომ შერჩევითი კვლევა სამუშაოდ წასვლის მსურველების შესახებ, ბოლოს 10 წლის წინ ჩატარდა. ამ მონაცემებით, ემიგრანტთა დაახლოებით 70 პროცენტი ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა ქვეყნიდან. მისივე თქმით, ასაკობრივი კონტიგენტის მიხედვით, ყველაზე შრომისუნარიანი ემიგრანტების რაოდენობა 2,5–ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე შესაბამისი ასაკის საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების.

სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წელს საქართველოს მიმართულებით, ემიგრანტების მიერ 1 მილიარდ 268 მლნ დოლარის ოდენობის ფულადი ტრანზაქცია გახორციელდა. სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ 2000 წლის შემდეგ ფულადი ტრანზაქციების მოცულობა 20–ჯერ გაიზარდა.

“ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფინასური რესურსების მობილიზაციასა და საოჯახო ბიუჯეტში მიგრანტთა გადმოგზავნილი თანხა უფრო და უფრო დიდ როლს იკავებს. ემიგრანტთა ფულადმა ტრანზაქციებმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას უკვე გადააჭარბა,” – აცხადებს არჩვაძე.

სხვადასხვა საერთაშოირისო კვლევით დასტურდება, რომ ქალი მიგრანტები ბევრად უფრო ნაკლებ თანხას ხარჯავენ და უფრო მეტს უგზავნიან ოჯახის წევრებს ვიდრე მამაკაცები. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ქალები პირადი საჭიროებებისთვის ნაკლებს ხარჯავენ და თანხასაც რეგულარულად გზავნიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანად მიგრანტთა 65% ქალია, საქართველოში განხორციელებული ტრანზაქციების უმეტესი ნაწილი სწორედ მათზე მოდის.

გენდერული საკითხების სპეციალისტის, იდა ბახტურიძის თქმით, ის, რომ ქალები საზღვარგარეთ მიდიან ცუდი სულაც არაა. პრობლემა ისაა, რომ ეს იძულებითი გადაწყვეტილებაა. ქალთა მიგრაციის კატაროფიული ზრდა კრიზისზე მიუთითებს. ქმარი ვერ მიდის საზღვარგარეთ, კაც მუშახელზე მოთხოვნის სიმცირის თუ სხვა მიზეზების გამო, ამიტომაც ქალები ფორსმაჟორულ პირობებში იღებენ გადაწყვეტილებას.

“კვლევების მიხედვით, ამ ქალების ძირითადი მოტივი ეკონომიკური მდგომარეობაა. სსრკ–ის დაშლის შემდეგ ხდებოდა კაცების მიგარცია რუსეთის მიმართულებით, მაგრამ ეს გზა ჩაიკეტა და შემომტანის ფუნქცია, რომელიც აქვს კაცს, დაიკარგა,”– ამბობს ბახტურიძე – “ერთი მხირვ, ქვეყანაში არაა სამუშაო ადგილები,  მეორეს მხირვ, ევროპაში კაცის სამუშაზე მთხოვნა არ არის. ამასთან, გაიზარდა მზრუნველობითი სამუშოს მოთხოვნა. ხშირ შემთხვევაში, ოჯახებისთვსი ერთადერთი თუ არა, ძირითადი შემომტანი ქალია. ოჯახის შემოსვალის დიდი ნაწილს ქალის გამოზგავნილი თანხა შეადგენს.”

სწორედ ასე იყო ქ–ნი მარინას შემთხვევაში. საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრები დაუსაქმებლები იყვნენ. ავადმყოფ მეუღლეს განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდებოდა, რაც დიდ თანხას მოითხოვდა.

რესპონდენტი ამბობს, რომ უკვე 12 წელია რეგულარულად უგზავნის თანხას ოჯახს. ორსართულიანი სახლის ნაწილი გაარემონტეს, მეუღლის მკურნალობაც საკმაოდ ძვირი დაჯდა. დარჩენილი თანხა კი ყოველდღიურ საჭიროებებს მოხმარდა. რამდენიმე წლის წინ ორივე შვილი და მაზლის ცოლი წაიყვანა თავისთან სამუშაოდ.  ნინო და ეთერი საბერძნეთში დარჩნენ და მუშაობაც დაიწყეს. მამუკა კი, რამდენიმე თვეში უკან ისე დაბრუნდა, რომ წასვლისთვის აღებული ვალიც ვერ გაისტუმრა და ეს თანხაც ქ–ნი მარინას დასაფარი აღმოჩნდა. მიზეზი კაცებისთვის სამუშაოს არარსებობა იყო.

“ეხლა ვცდილობ, ოჯახს არაფერი მოაკლდეს, განსაკუთრებით კი ჩემს შვილიშვილებს. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ საჭირო ვარ,”– ამბობს ქ–ნი მარინა.

გენდერის საკითხების მკვლევარმა თამთა მელაშვილმა ემიგრანტ ქალებზე კვლევა 2008 და 2009 წლებში ჩაატარა. მიგრანტ ქალებთან საუბრისას, მიგრაციის გადაწყვეტილების მიღების სხავდასხვა მიზეზი დასახელდა. ახალგაზრდა ქალებმა, რომლებიც ძირითადად გერმანიაში ემიგირირდებიან, ოპერის სტატუსით, წასვლის მიზეზად ევროპული განათლების მიღება, იქ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა დაასახელეს. რაც შეეხება დედებს, მათ არჩევანს მთლიანად ეკონომიკური მიზნები განსაზღვრავდა – ისინი უმეტესად არალაგალური მიგრაციის პროცესში ერთვებოდნენ, რათა ხელი შეეწყოთ ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფისთვის. ზოგიერთი მათგანისთვის, უკიდურესი გაჭირვების პირობებში, მიგრაცია ოჯახისა და საკუთარი თავის ფიზიკურად გადარჩენის ერთდაერთი საშუალება იყო.

“ჩემი კვლევებით აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდა ქალების შემთხვევაში, მიგრაცია ნიშნავდა არა მხოლოდ საკუთარი თავის ეკონომიკურად უზურნველყოფას, არამედ ზოგადად პირადი დამოუკიდებლობის მოპოვების შეგრძნებას, საკუთარი მომავლისა და კარიერის დაგეგმვას,” – აღნიშნავს მელაშვილი, –” დედები განსაკუთრებულად ხაზს უსვამდნენ მათი როგორც დედის სტატუსს, რომელიც პირველ რიგში პასუხისმგებელია იზრუნოს საკუთარ შვილებსა და ოჯახზე. ამას ისინი აღიქვამდნენ, როგორც აუცილებელ მოვალეობას, ერთგვვარ მსხვერპლშეწირვას შვილებისა და ოჯახისთვის, რაც კარგი, ნამდვილი დედობის განმსაზღვრელ ფაქტორად მოისაზრებოდა.”

თამთა მელაშვილის ჩატარებული კვლევის მიხედვით, შუა ხნის დაუოჯახებელი ქალებისთვის მიგრაცია ფინანსური დამოუკიდებლობისა და ერთგავრი სტატუსის მოპოვების საშუალებაა. უკანა პლანზე იწევდა და შედარებით მნიშვნელობას კარგავდა ის დამკიდებულება, რომ წარმატებულ ქალად ყოფნისთვის აუცილებელი ოჯახი და დედობაა.

რაც შეეხება მიგრზაციის ფემინიზაციის მახასიათებელ სხვა პრობლემებს, ხშირ შემთხვევაში ემიგრანტი ქალები ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპებლნი არიან – ისინი არიან მიგრანტები, ხშირად არალეგალები, პლუს ქალები. განიცდიან რამდენიმე სახის დისკრიმინაციას, ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვეპრლი. იმისათვის, რომ ფული დაზოგონ, ცხოვრობენ იმავე ოჯახში, სადაც მუშაობენ და ძალადობის შემთხვევაში, საბუთების უქონლობის გამო პოლიციასაც კი ვერ მიმართავენ.

მკვლევარების ერთი ნაწილი მიგრაციის ფემინიზაციას დისკრიმინაციულად მიიჩნევს, ვინაიდან, მართალია, პირველი სამყაროს ქალი თავისუფლდება ოჯახური საქმიანობისგან, მაგრამ თავისუფლდება მესამე სამყაროს ქალის, დაქირავებული, არალეგალურად მომუშავე ემიგრანტი ქალის, ხარჯზე. სხვები კი თვლიან, რომ მიუხედავად მძიმე შრომისა, ემიგრანტი ქალები იმ დამოუკიდებლობას აღწევენ, რაც მათ საკუთარ, ხშირ შემთხვევაში უკიდურესად პატრიარქალურ კულტურებში, არც დაესიზმრებოდათ.

ქართულ სახელმწიფოს ემიგრანტებთან მიმართებაში რაიმე სტრატეგია არ გააჩნია. არ არსებობს სპეციალური ორგანოები, რომელიც ემიგრანტებს სპეციფიკური ტიპის დახმარებას აღმოუჩენს.

,,არსებობს დიასპორის საკითხებში საქართველის სახელმწიფო მინისტრის აპარატიც, რომლის საქმიანობა მიგრანტებს შორის საფეხბურთო ტურნირებისა და ხალხური ცეკვის ფესტივალების ორგანიზებით შემოიფარგლება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ემიგრანტთა ადამიანის უფლებების დაცვაა, ” – ამბობს თამთა მელაშვილი.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია არსებობდეს სტრუქტურა, რომელიც უკვე წასულ ან წამსვლელ ქალებს კვალიფიცურ დახმარებას გაუწევს.

იდა ბახტურიძე ამბობს, რომ ემიგრანტები ხშირად არასწორი მოლოდინით მიდიან, ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ დახვდებათ სიტუაცია, სადაც ადვილად იშოვება ფული. მათ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი, რომ საჭიროების შემთხვევაში, სპეციალურმა სამსახურმა კვალიფიციური რჩევები მისცეს.

,,ემიგრანტებით საერთოდ არ ინტერესდება სახელმწიფო, იღებს მათგან შემოსავალს და არაფერს არ ხარჯავს მათთვის. ეს ქალები ჩამოდიან და სოციალურ დამხარებასაც არ იღებენ. ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ჩვენი სახელმწიფო ინვესტიციებზე დგას,  რეალურად კი ემიგრანტებს იმაზე მეტი თანხა შემოაქვთ, ვიდრე უცხოური ინვესტიციები შემოდის,” – ამბობს ბახტურიძე და მიიჩნევს, რომ არანაკლებ აუცილებელია არასამთავრობო სექტორის აქტიურობა. მათ უნდა იმუშაონ ქალებთან, გაუწიონ ფსიქოლოგიური თუ ბიზნეს კონსულტაცია, რათა მათი უკან დაბრუნებისთვის ნიადაგი მომზადდეს.

მარინა გ. 12 წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. ერთხელ როდესაც მის ქალიშვილს ქმარი გარდაეცვალა, ორჯერ კი ოჯახის წევრების მოსანახულებლად. საქართველოში ყველაზე მეტად შვილის საფლავი ენატრება ხოლმე. შვილიშვილები კი მალე სკოლას დაამთავრებენ, თუმცა, ბებია მხოლოდ რამდენჯერმე ნახეს. ამაზეც ძალიან სწყდება გული.

,,სანამ შემიძლია ვიმუშავებ, ახლა რომ ჩამოვიდე რა უნდა ვაკეთო? ოჯახს ვინ მირჩენს? მერე კი ან ჩამოვალ ან ჩამომასვენებენ,” – ამბობს ქ–ნი მარინა.