“როდესაც დავრბივარ, მშვიდად ვარ” – ინტერვიუ ჰარუკი მურაკამისთან

Posted on January 30, 2013

4



ინტერვიუ გამოაქვეყნა SPIEGEL-მა, 2008 წელს.

haruki-murakami_apaisado

ბატონო მურაკამი, რა უფრო რთულია: დაწერო ნოველა თუ გაირბინო მარათონი?

წერა, სულ მცირე, სახალისოა. ყოველ დღე 4 საათის განამვლობაში ვწერ. შემდეგ სარბენად მივდივარ. როგორც წესი, 10 კილომეტრს გავრბივარ, რაც საკმაოდ იოლია ჩემთვის. თუმცა, როდესაც 42-კილომეტრიან მარათონში იღებ მონაწილეობას, დამერწმუნეთ, საკმაოდ რთულია ამხელა მანძილი დაფარო. ალბათ ყველაზე რთულიც კი, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. ეს საკუთარი თავის შეგნებული ტანჯვაა, რაც ჩემთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მარათონებში სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი.

და რა უფრო სასიამოვნოა წიგნზე მუშაობის დასრულება თუ მარათონის ფირნიშის ხაზის გადაკვეთა?

უკანასკნელი წერტილის დასმა წიგნში, ბავშვის დაბადებას გავს, განუმეორებელი მომენტია. წარმატებულმა მწერალმა შესაძლოა 12 დიდი წიგნი დაწეროს მთელი ცხოვრების მანძილზე. არ ვიცი, ჯერ კიდევ რამდენი წიგნია ჩემს ტვინში, იმედია რომ ოთხი-ხუთი მაინც. თუმცა როდესაც დავრბივარ ასეთ შეზღუდვას არ ვგრძნობ. სქელტანიან ნოველას როგორც წესი ოთხ წელიწადში ერთხელ ვაქვეყნებ, თუმცა ყოველ წელს მე არაერთხელ დავრბივარ 10-კილომეტრიან გზაზე, ვიღებ მონაწილეობას ერთ ნახევრად მარათონის ტიპის და ერთ სრული მარათონის ტიპის გარბენებში. დღემდე 27 მარათონში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ბოლოს იანვარში გავირბინე დიდ მანძილზე და დარწმუნებული ვარ რომ 28-ე, 29-ე და 30-ე გარბენსაც მალე შევასრულებ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.

წიგნში, რომელიც გერმანულ ენაზე მომავალ კვირას გამოვა, აღწერთ თქვენი როგორც პროფესიონალი მორბენალის კარიერას და საუბრობთ სირბილის მნიშვნელოვან როლზე თქვენს სამწერლო საქმიანობაში. რატომ გადაწყვიტეთ ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა?

მას შემდეგ რაც პირველად მივიღე მონაწილეობა გარბენში, 25 წლის წინ, 1982 წლის შემოდგომაზე, ჩემს თავს გამუდმებით ვუსვამ შეკითხვას, რატომ ავირჩე სპორტის კონკრეტულად ეს სახეობა? რატომ არ ვთამაშობ მაგალითად ფეხბურთს? რატომ დაიწყო ჩემი როგორც სერიოზული მწერლის კარიერა მაშინ, როდესაც პირველად მივიღე ჯოგინგში (ძუნძულით სირბილი) მონაწილეობა? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებდი, თუკი ჩემს ფიქრებს ჩავიწერდი. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ როდესაც ვწერ სირბილზე, მე ვწერ საკუთარ თავზე.

საერთოდ რატომ დაიწყეთ სირბილი?

წონაში დაკლება მინდოდა. როდესაც წერა დავიწყე, ძალიან ბევრს ვეწეოდი, დაახლოებით 60 ღერი სიგარეტი მჭირდებოდა დღეში, რომ კონცენტრაცია უკეთ მომეხრეხებინა. მქონდა გაყვითლებული კბილები და ფრჩხილები. როდესაც გადავწყვიტე სიგარეტისათვის თავის დანებება, 33 წლის ასაკში, თეძოებზე ცხიმების მთები მქონდა. ამიტომაც გადავწყვიტე მერბინა, სირბილი ყველაზე პრაქტიკული გამოსავალი იყო ჩემთვის.

რატომ?

სპორტის გუნდური სახეობები ჩემი საქმე არ არის. ზოგადად ნებისმიერ რამეს ალღოს გაცილებით იოლად ვუღებ როდესაც მარტო, საკუთარი სიჩქარით ვაკეთებ. სირბილის დროს კი პარტნიორი არ გჭირდება, არც განსაკუთრებული ადგილი გინდა, როგორც მაგალითად ტენისის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი წყვილი კედებიც საკმარისია. არც ძიუდო ჯდება ჩემს ხასიათში, არ ვარ მებრძოლი. გრძელ დისტანციაზე სირბილი არ არის სპორტი სადაც ვინმე უნდა დაამარცხო. შენი ერთადერთი მოწინააღმდეგე შენივე თავია, არავინაა ჩართული ამ “ბრძოლაში” და საქმე მხოლოდ შინაგან კონფლიქტს ეხება: ვარ თუ არა ამჯერად იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა ჯერზე. მოიკრიბო ძალისხმევა რათა ყოველ ჯერზე გადალახო შენივე დაწესებული საზღვრები, აი ეს არის სირბილის მთელი დედააზრი. სირბილი მტკივნეულია, მაგრამ ის არ მტოვებს მე, მე შემიძლია მასზე ვიზრუნო. ეს ყველაფერი ჩემს მენტალობასთან აბსოლუტურ თანხმობაშია.

როგორ ფორმაში იყავით, როდესაც სირბილი დაიწყეთ?

 20 წუთის შემდეგ სუნთქვა მიჭირდა, გული ჩაქუჩივით მირტყამდა მკერდზე და ფეხები მიკანკალებდა. საშინელ დისკომფორტს განვცდიდი თავდაპირველად როდესაც სხვები მიყურებდნენ როგორ მივძუნძულებდი. თუმცა მოვახერხე და სირბილი ჩემი ყოველდღურობის ნაწილი გავხადე, როგორც კბილების გახეხვა. პროგრესს საკმაოდ სწრაფად მივაღწიე და სირბილის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მარათონშიც მივიღე მონაწილეობა.

თქვენ გაირბინეთ გზა ათენიდან მარათონამდე. რამ გადაგაწყვეტინათ?

 ეს იყო ნამდვილი მარათონი, ისტორიული მარშრუტი – თუმცა საწინააღმდგო მიმართულებით, რადგან არ მინდოდა სწრაფად ჩავსულიყავი ათენში. 35 კილომეტრე მეტი არასოდეს გამერბინა, ჩემი ფეხები და ტანი არ იყო სათანადოდ ძლიერი, შესაბამისად არც ის ვიცოდი თუ რა მელოდა. ეს გავდა სირბილს Terra incognita-ს* მიმართულებით.

როგორ გაართვით თავი?

 ივლისი იყო, დილიდანვე საშინლად ცხელოდა. საბერძნეთში პირველად ვიყავი და სიმართლე გითხრათ, გავოცდი. ნახევარი საათის შემდეგ უკვე წელს ზემოთ შიშველი მივრბოდი. მოგვიანებით კი ყინულივით ცივი ლუდი მეჩვენებოდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე და დახოცილ კატებს და ძაღლებს ვითვლიდი გზაზე. მზე გაშმაგებით აცხუნებდა და კანზე უკვე პატარა წყლულები მაჩნდა. 3 საათის და 51 წუთის შემდეგ, როდესაც ფინიშამდე მივედი, პირველსავე ბენზინგასამართ სადგურზე ცივი ლუდი დავლიე, რომელიც მთელი გზა მელანდებოდა. ბენზინგასამართი სადგურის პერსონალმა კი როდესაც გაიგო თუ რა გავაკეთე გაიქცნენ და ყვავილების თაიგული მიყიდეს.

საუკეთესო დრო რომელიც მარათონის გარბენისას აჩვენეთ რა იყო?

3 საათი და 27 წუთი ჩემი მაჯის საათის მიხედვით, ნიუ-იორკში, 1991 წელს. ეს დაახლოებით 5 წუთს უდრის  ერთ კილომეტრზე. ძალიან ვამაყობ ამ შედეგით, რადგან ცენტრალ პარკის გარშემო ამხელა მანძილის დაფარვა საკმაოდ რთულია. რამდენჯერმე ვცადე ამ შედეგის გაუმჯობესება, თუმცა ვბერდები. ახლა უკვე აღარ ვფიქრობ საკუთარი შედეგების გაუმჯობესებაზე, ეს უფრო საკუთარი თავით კმაყოფილების საკითხია.

სირბილისას თქვენს თავს ამხნევებთ ხოლმე?

არა. უბრალოდ საკუთარ თავს ვეუბნები: ჰარუკი შენ შეძლებ. თუმცა, ფაქტობრივად არაფერზე ვფიქრობ როდესაც დავრბივარ.

ნუთუ შესაძლებელია იფიქრო არაფერზე?

როდესაც დავრბივარ, ჩემი გონება ბუნებრივად სუფთავდება. ერთადერთი რაზეც ვფიქრობ სირბილის პროცესთან სუბორდინაციაა. აზრები, რომლებიც სირბილისას თავში მომდის, მსუბუქ სიოს გავს – უცბად ჩნდებიან საიდანღაც, მერე ქრებიან და შეცვლით არაფერი იცვლება.

სირბილისას მუსიკას თუ უსმენთ?

ხოლოდ ვარჯიშის დროს. როკ-მუსიკას. ამჟამად ჩემი ფავორიტი ჯგუფი “Manic Street Preachers” არის. როდესაც დილით ძუნძულით დავრბივარ ხოლმე, რაც გამონაკლისია, Creedence Clearwater Revival-ს ვრთავ ჩემს პლეიერში. მარტივი და ბუნებრივი რიტმი აქვს მათ სიმღერებს.

როგორ ახერხებთ რომ ყოველდღე მოტივირებული იყოთ?

ზოგჯერ ძალიან ცხელა საიმისოდ რომ ვირბინო, ან ძალიან ცივა. ანდა ზედმეტად ღრუბლიანი ამინდია. მაგრამ მაინც დავრბივარ. ვიცი, რომ თუკი რომელიმე დღეს სარბენად არ წავალ, იმ დღეს მეორე დღე მოყვება. სამწუხაროდ ადამიანების ბუნება ასეა მოწყობილი – არ უყვართ ზედმეტი ტვირთის საკუთარ თავზე აღება, ამიტომაც მალევე კარგავენ ფორმას. ასე, რომ როგორც მე შემიძლია საკუთარი ლიტერატურული თამასა უფრო და უფრო მაღლა ავწიო, ზუსტად ასევე ვგრძნობ როგორ ეხმარება ჩემს კუნთებს სირბილი უფრო და უფრო გაძლიერებაში.

ოჯახში თქვენ ერთადერთი შვილი იყავით, წერაც მარტოობას მოითხოვს და სირბილის დროსაც მარტო ხართ. ამ სამს შორის რაიმე საერთოს ხედავთ?

რა თქმა უნდა. ძალიან ხშირად ვარ მარტო. და უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მარტოობით. ჩემი ცოლისგან განსხვავებით, არ მიყვარს ბევრ ხალხში ტრიალი. უკვე 37 წელია დაოჯახებული ვარ და ხშირად ეს ყველაფერი ბრძოლას ემსგავსება. ჩემს წინა სამსახურში ხშირად გათენებამდე მიწევდა მუშაობა, ახლა კი 9 საათზე, მაქსიმუმ 10-ზე უკვე მძინავს.

ვიდრე სირბილს დაიწყებდით და მწერალი გახდებოდით,  ჯაზ-კლუბის მეპატრონე იყავით ტოკიოში. ამაზე რადიკალური ცვლილება ცხოვრებაში ალბათ ძნელია რომ წარმოიდგინო.

როდესაც ჯაზ-კლუბის მეპატრონე ვიყავი, ასე ვთქვათ, კულისებში ვიდექი და ყველანაირ მოლაპარაკებას მე ვმართავდი. შვიდი წლის მანძილზე ვაკეთებდი ამას, მაგრამ არ ვარ ლაპარაკის მოყვარული ადამიანი. ბოლოს დავიფიცე: როგორც კი აქ მუშაობას შევეშვები, მხოლოდ იმ ადამიანებს დაველაპარაკები, ვისთან ლაპარაკიც მენდომება-მეთქი.

როდის მიხვდით, რომ ახალი დასაწყისის დრო იყო? (იგულისხმება მწერლის კარიერა)

1978 წლის აპრილში, ტოკიოს “Jingu Stadium”-ზე ბეისბოლის მატჩს ვუყურებდი. მზე აჭერდა და ლუდს ვსვამდი. როდესაც “Yakult Swallowers”-ის მოთამაშემ, დეივ ჰილტონმა უძლიერესი დარტყმა შეასრულა, მაშინვე მივხვდი რომ შემეძლო და ვაპირებდი კიდეც ნოველის დაწერას. ეს სასიამოვნო სენსაცია იყო. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება. ახლა უკვე ჩემს წარსულ, ღია ცხოვრებას ახლანდელი, ჩაკეტილი ცხოვრების წესით ვანაზღაურებ. ტელევიზიებში არასდროს ვჩნდები, ვერც რადიოებში მოისმენთ ჩემს ხმას, ფოტოსაც ძალიან იშვიათად ვიღებ და ინტერვიუებზეც რთულად ვთანხმდები. ჩვეულებრივი მარტოსული ვარ.

ალან სილლიტოს “გრძელ მანძილზე მორბენალის მარტოობა” თუ წაგიკითავთ?

ვერ მოვიხიბლე მაგ წიგნით. მოსაწყენია. შეგიძლია თქვა, რომ თავად სილლიტო არ იყო მორბენალი. თუმცა თავად წიგნის იდეა მომწონს: სირბილი ეხმარება წიგნის გმირს აღმოაჩინოს საკუთარი რეალური იდენტობა. სირბილის დროს ის პოულობს იმ მდგომარეობას, რომელშიც თავს თავისუფლად გრძნობს. ამ მხრივ ჩემი თავის დაკავშირებაც შემიძლია წიგნთან.

რა გასწავლათ სირბილმა?

პირველ რიგში ის, რომ ფინიშში აუცილებლად გავალ. სირბილმა მასწავლა თუ როგორ უნდა მქონდეს მწერლობისათვის საჭირო უნარები. ვისწავლე თუ რამდენი უნდა მოვითხოვო ჩემი თავისაგან, როდის უნდა შევისვენო და როდის მიგრძელდება შესვენება. ახლა უკვე ვიცი თუ რამდენად უნდა დავაძალო საკუთარ თავს რაღაცები.

სირბილი დაგეხმარათ რომ უკეთესი მწერალი გამხდარიყავით?

რა თქმა უნდა. რაც უფრო ძლიერია ჩემი კუნთები, მით უფრო გამჭრიახია ჩემი გონებაც. დაარწმუნებული ვარ, რომ ხელოვანები, რომლებიც არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ უფრო მალე იხარჯებიან. ჯიმი ჰენდრიქსი, ჯიმ მორისონი, ჯენის ჯოპლინი ჩემი ახალგაზრობის კუმირები იყვნენ – ყველანი ახალგაზრდები დაიხოცნენ, თითქოს გარდაცვალება ჯერ არც კი ეკუთვნოდათ. მხოლოდ პუშკინის და მოცარტის მსგავს გენიოებს აქვთ ადრე გარდაცვალების უფლება. ჯიმი ჰენდრიქსი კარგი იყო, მაგრამ არც ისე ჭკვიანი, რომ ნარკოტიკებს არ მისძალებოდა. ხელოვანის საქმიანობა არც ისე ჯანსაღია, ამიტომაც არტისტმა უნდა იზრუნოს ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ამბის პოვნა საკმაოდ საშიში სქმეა, სირბილი კი მეხმარება რომ ეს საფრთხეები ავიცილო ხოლმე თავიდან.

cn_image.size.murakami

შეგიძლიათ უფრო უკეთ ახსნათ ეს?

როდესაც მწერალი ავითარებს ამბავს, ის საკუთარ თავში ერთგვარ საწამლავს უპირისპირდება. თუკი ამ საწამლავს არ ფლობ შენი ამბავი მოსაწყენი და შთაგონებისაგან დაცლილი გამოვა. წარმოიდგინეთ ფუგუ**: pufferfish-ის ხორცი ძალიან გემრიელია, თუმცა მისი ქვირითი, ღვიძლი და გული შესაძლოა სასიკვდილოდ ტოქსიკურიც აღმოჩნდეს. ჩემი ამბები სადღაც სიბნელეშია ხოლმე განთავსებული, ჩემი შეგნების საშიშ ნაწილში, ვგრძნობ ამ საწამლავს ჩემ ტვინში, მაგრამ მე დიდი დოზის ატანა შემიძლია, რადგან ძლიერი სხეული მქვს. როდესაც ახალგაზრდა ხარ, ძლიერი ხარ; შეგიძლია ამ საწამლავით მანიპულირება დამატებითი ვარჯიშის გარეშეც. თუმცა, როდესაც 40 წელს გადააბიჯებ შენი ძალა სადღაც იპარება და ამ საწამლავის გამკლავებას ვერ მოახერხებ არაჯანმრთელი ცხოვრებით.

სელენჯერმა ერთადერთი ნოველა “თამაში ჭვავის ყანაში” 32 წლის ასაკში დაწერა. სუსტი იყო ამ საწამლავისთვის სელენჯერი?

“თამაში ჭვავის ყანაში” იაპონურად მე ვთარგმნე. საკმაოდ კარგი ნამუშევარია, თუმცა დაუმთავრებელი. ამბავი უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება და პროტაგონისტი ჰოლდენ კოლფილდიც ვერ პოულობს გზას ბუნდოვან სამყაროს რომ თავი დააღწიოს. ვფიქრობ, რომ თავად სელენჯერმაც ვერ იპოვა ეგ გზა. დაეხმარებოდა თუ არა სპორტი მას? არ ვიცი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი დანამდვილებით.

გაძლევდათ თუ არა სირბილი შთაგონებას თქვენი ამბების მოყოლისას?

არა, მე არ განვეკუთვნები იმ მწერლების კატეგორიას, რომლებიც ამბების წყაროს ასე თამაშ-თამაშით უდგებიან. მე დიდ ხანს ვჩიჩქნი ხოლმე ჩემი ამბის წყაროს. ძალიან დიდ ხანს და ღრმად უნდა ვთხარო ჩემი სულის ბნელი ნაწილები, სადაც ეს ამბავია დამალული. ამისთვისაც საჭიროა რომ ფიზიკურად ძლიერი იყო. მას შემდეგ რაც დავრბივარ, მე შემიძლია რომ ვკონცენტრირდე უფრო დიდ ხანს, და ზოგჯერ მე საათობით მიწევს კონცენტრირება სიბნელეში. ამ გზით შენ ნებისმიერ რამეს აღმოაჩენ: გამოსახულებებს, გმირებს, მეტაფორებს. თუკი ფიზიკურად ძალიან სუსტი ხარ, შენ მათ ხელიდან გაუშვებ. შენ არ გექნება იმის ძალა, რომ საჭირო რაღაცები დაიჭირო, შეაკავო საჭირო დროით და შენს შეგნებაში წამოატივტივო. წერისას მხოლოდ ამ მიგნებებამდე მისვლა არაა მთავარი, მთავარია როგორ გამოიყენებ მათ. ასევეა სირბილის დროსაც, შენ უნდა მიაღწიო ფინიშის ხაზამდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს.

სირბილისასაც ასეთ ბნელ ადგილებს ეძებთ საკუთარ თავში?

ჩემთვის რაღაც მსგავსება ნამდვილად არის ზემოთაღწერილ პროცესსა და სირბილს შორის. სირბილისას ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მშვიდ, უსაფრთხო ადგილას ვარ.

თქვენ დიდი ხანი ცხოვრობდით აშშ-ში. არის რაიმე სხვაობა ამრიკელ და იაპონელ მორბენალებს შორის?

არა, მაგრამ როდესაც კემბრიჯში ვიყავი, მივხვდი რომ ელიტურ მორბენლებსა და უბრალო მოკვდავებს შორის დიდი სხვაობაა სირბილისას.

რას გულისხმობთ?

ჩემი სარბენი მარშრუტი მდინარე ჩარლზ რივერის გასწვრივ საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვას გულისხმობდა და მთელი ამ დროის განმავლობაში მე გამუდმებით ვაკვირდებოდი ჰარვარდელ ახალგაზრდა გოგო სტუდენტებს. ისინიც მიძუნძულებდნენ სწრაფი ნაბიჯებით, აიფონის ყურსასმენებით და შეკრული ქერა თმები, რომელიც ხან ერთ მხარეს გადაუგორდებოდათ, ხან მეორე მხარეს. მთელი მათი სხეული რაღაცნაირად ასხივებდა ახალგაზრდულ ენერგიას. თითქოს თავადაც იცოდნენ რომ ისინი არაჩვეულებრივები იყვნენ. მათმა თავდაჯერებულობამ აღმაფრთოვანა. მე მათზე გაცილებით უკეთესი მორბენალი ვიყავი, თუმცა მათში რაღაც პროვოკაციულად პოზიტიური იყო ჩამალული. ისინი ისე განხვავდებოდნენ ჩემგან. ელიტის წევრი კი მე არასდროს ვყოფილვარ.

დამწყებ და ვეტერან მორბენალს ერთმანეთისაგან იოლად არჩევთ?

დამწყები უფრო სწრაფად დარბის, სუნთქვა კი უფრო არათანმიმდევრული აქვს. ვეტერანი მორბენალი კი თითქოს უფრო მეტად ისვენებს სირბილისას. ვეტერანი მორბენალი მეორე ვეტერანს ზუსტად ისევე ცნობს, როგორც მწერალმა შეიძლება იცნოს სხვა მწერალის მის სტილსა და ენაზე.

თქვენი წიგნები მაგიური რეალიზმის საუკეთესო ნიმუშებია, თითქოს რეალობა მაგიასთან შედის რეაქციაში. სირბილსაც რაიმე მეტაფიზიკური განზომილება ხომ არ აქვს თქვენთვის, სუფთა ფიზიკური დატვირთვისგან განცალკევებით?

ნებისმიერი აქტივობა იძენს გარკვეულ საზრისს მიღმა მნიშვნელობას თუკი ის საკმარისი დროის მანძილზე გაგრძელდება. 1995 წელს 100-კილომეტრიან გარბენში მივიღე მონაწილეობა, 11 საათი და 42 წუთი დამჭირდა ამ მანძილის დასაფარად და როდესაც ბოლოში გავედი, მივხვდი, რომ ერთგვარი რელიგიური გამოცდილება შევიძინე.

დიახ, გასაგებია…

55 კილომეტრის შემდეგ აღარაფრის თავი აღარ მქონდა, ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ორი ცხენი ცდილობდა ჩემი სხეულის გაწევას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა 75 კილომეტრის გარბენის შემდეგ ვიგრძენი, რომ ძალები დამიბრუნდა, თითქოს დაღლილობა სადღაც გაქრა. ამბის სულ სხვა ბოლოში მოვექეცი. ბედნიერების განცდამ ჩემს სხეულში შემოაღწია და ფინიშის ხაზის გადაკვეთისას ეიფორიით ვიყავი სავსე. ასე მეგონა რომ შემეძლო დაუსრულებლად მერბინა. მიუხედავად ამისა, ულტრამარათონში აღარასოდეს მივიღებ მონაწილეობას ზუსტად ვიცი.

რატომ?

ამ ექსტრემალური გამოცდილების შემდეგ თითქოს მივაღწიე მდგომარეობას, რომელსაც მე “Runner’s Blue” ვწოდე.

და ეგ რას ნიშნავს?

ერთგვარ გულგრილობას. სირბილისგან დავიღალე. 100-კილომეტრიანი მანძილის გარბენა ძალიან მოსაწყენია, დაახლოებით 11 საათი გიწევს მარტო ყოფნა და ამ მოწყენილობამ გამომღრღნა. თითქოს მთელი მოტივაცია დავკარგე. პოზიტიური განწყობა სრულებით დავკარგე და რამდენიმე კვირის მანძილზე სირბილი შემძულდა.

როგორ დაიბრუნეთ კეთილგანწყობა სირბილისადმი?

მე ვცადე, რომ თავისთვის დამეძალებინა სირბილი თუმცა არ გამომივიდა, სიამოვნების მთელი განცდა, რასაც სირბილი მანიჭებდა თითქოს სადღაც გაქრა. ამის გამო გადავწყვიტე სპორტის სხვა სახეობა მეცადა. ახალი სტიმული მჭირდებოდა და ტრიატლონი ვცადე, რამაც გაამართლა და სირბილის სურვილი მალევე დამიბრუნდა.

უკვე 59 წლის ხართ, კიდევ რამდენი ხნის მანძილზე აპირებთ მარათონებში მონაწილეობის მიღებას?

ვიდრე სიარული შემეძლება, ვირბენ კიდეც. იცით რა მინდა საფლავის ქვაზე ეპიტაფიად?

გვითხარით …

“At least he never walked.”

გმადლობთ ინტერვიუსათვის.

 

*Terra incognita – ადგილი რომლის არსებობაც კარტოგრაფიულად დადასტურებული არაა.

** ფუგუ –  pufferfish-ისგან დამზადებული საკვები. pufferfish – ზღვის ან მტკნარი წყლის ბინადარი თევზი, ხორკლიანი კანით. ზოგჯერ საკვებად ვარგისიც