სილვია პლათის სიცოცხლის ბოლო დღეები

Posted on February 12, 2013

4



(თარგმანი) წყარო: bbc.co.uk

p0141tfv_640_360

ამერიკელმა პოეტმა სილვია პლათმა თავი, ლონდონში, საკუთარ ბინაში, 1963 წლის თებერვალში მოიკლა. პლათი დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა ქმართან, ტედ ჰიუიზთან დაშორების გამო. სიცოცხლის ბოლო თვეებში კი მწერალ ჯილიან ბეკერს დაუახლოვდა – აქ სწორედ ჯილიან ბეკერის მოგონებებს წაიკითხავთ მისი და პლათის ერთად გატარებული უკანასკნელი დღეების შესახებ.

1963 წლის თებერვლის ერთ ცივ დღეს, სილვია თავის შვილებთან, ფრიედასთან და ნიკთან ერთად მესტუმრა ჩემს სახლში, Mountfort Crescent-ზე.
მოსვლამდე დარეკა და მკითხა შეეძლო თუ არა მოსვლა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ველოდი. როგორც კი მოვიდა, მითხრა წამოწოლა მინდაო.
მისი ამ მდგომარეობაში ხილვა სულაც არ გამკვირვებია. ის როგორც წესი, ცუდ ხასიათზე იყო. ჩვენი ნაცნობობის თითქმის ხუთი თვის მანძილზე მას სულ ასეთ ან უარეს მდგომარეობაში ვხედავდი.
სილვია 1962 წლის სექტემბერში გავიცანი, ტედ ჰიუიზთან განქორწინებიდან სულ ცოტა ხანში.
მეცოდებოდა, თან მისი ნიჭით აღფრთოვანებული ვიყავი და მშურდა. დროს მხიარულად სულაც არ ვატარებდით, მაგრამ მასთან ერთად ყოფნა მსიამოვნებდა.
თავისი ლექსების კრებულის The Colossus-ის ხელნაწერი ასლი მომცა და პოეზიასა და ათას რამეზე ვსაუბრობდით.
ზედა სართულზე ავიყვანე, ჩემი უფროსი ქალიშვილის ოთახში. ჩემს საძინებელში ჩემს ქმარს, გერის ეძინა, გრიპი ჰქონდა.
ბავშვები ქვედა სართულზე ჩავიყვანე, უმცროს ქალიშვილთან, მადლენთან, ჩაძინებულებლები რომ არ შეეწუხებინათ. ნიკი და მადელენი თითქმის ტოლები იყვნენ, დაახლოებით ერთი წლისები, ფრიედა კი სამ წლის იყო.
სილვიამ ერთი ორი საათით წაუძინა და ქვემოთ ჩამოვიდა ჩვენს მოსაძებნად. მითხრა რომ სახლში წასვლა არ უნდოდა.
მათი დარჩენა პრობლემა არ იყო. შაბათ-კვირა იყო და ჩემი უფროსი ქალიშვილები სადღაც იყვნენ წასულები, ასე რომ მქონდა ოთახი სილვიასთვის, მეორე კი მისი შვილებისთვის.
Fitzroy Road-ზე მდებარე თავისი ბინის გასაღები მომცა და მთხოვა რამდენიმე ნივთი მომეტანა იქიდან … კბილის ჯაგრისები, ღამის პერანგები, მისი წამლები, შინ ჩასაცმელი კაბა და ერთი ორი წიგნი, რომლის კითხვაც დაეწყო. თხოვნა შევუსრულე.
უკან მობრუნებულმა ფრიედა და ნიკი მედელენთან ერთად ვაბანავე და როგორც კი დაიძინეს, ჩემთვის, გერისთვსი და სილვიასთვის ვახშამი მოვამზადე.
გარის გრიპის გამო ქათმი ბულიონი მქონდა გაკეთებული, სილვიასაც მოუხდებოდა. ბულიონს სოჰოში, ფრანგ ყასაბთან ნაყიდი, შესანიშნავი სტეიკი, კარტოფილის პიურე და სალათი დავაყოლეთ. სილვიამ გემრიელად ჭამა.
ზუსტად არ მახსოვს რაზე ვსაუბრობდით ვახშმისას, თუმცა მახსოვს რომ მის მძიმე მდგომარეობას არ შევხებივართ.
თუმცა მოგვიანებით მთხოვა გვერდით მივჯდომოდი და მისი წამლების შუშები მანახა, თან მიყვებოდა რომელი უნდა მიეღო საძილედ და რომლის დალევას აპირებდა დილით.
საძილე წამლები 10 საათზე დალია, მაგრამ დაახლოებით ერთი საათით ვიღაც უცხო ადამიანებზე მელაპარაკებოდა გაუჩერებლად, თითქოს ჩვენი საერთო მეგობრები იყვნენ.
არათანმიმდევრულად ლაპარაკობდა და ვიფიქრე რომ ეძინებოდა.

სილვია პლათი და ტედ ჰიუზი თაფლობისთვისას

სილვია პლათი და ტედ ჰიუიზი თაფლობისთვისას

მერე საუბრის ტონი შეცვალა და ემოციურად დაიწყო ამბების მოყოლა ტედსა და ასია ვევილის, ვის გამოც ტედმა მიატოვა, შესახებ.
გაცხარებული, ანერვიულებული და გაბოროტებული იყო.
ტედ ასსია ესპანეთში წაეყვანა. სილვიასაც უნდოდა ბავშვების წაყვანა ესპანეთში, სადმე მზიან ადგილას, რომ სიცივისაგან გაერიდებინა ცოტა ხნით. ბავშვები ცუდად არიანო, თქვა, სითბოში ყოფნა სჭრდებათ, სადმე ზღვის პირასო.
ვუთხარი რომ სააღდგომოდ მე წავიყვანდი მასაც და ბავშვებსაც ზღვაზე სითბოში, თუმცა ესპანეთს იტალია სჯობდა. “აღდგომა,” – ჩაილაპარაკა,- “დიდი დროა აღდგომამდე.”
შუაღამისას ძლივს ჩაეძინა და ბოლოს და ბოლოს მეც შევძელი წავსულიყავი დასაძინებლად.
თუმცა დაახლოებით ერთ საათში ნიკმა გაიღვიძა. ბოთლით რძე გავუთბე ბავშვს, როდესაც სილვიას ხმა გავიგე. თავისთან გვეძახდა. ბავშვი მივუყვანე და საჭმელიც მას მივეცი. ფრიედაც დედის საწოლში შეგორდა.
როდესაც ბავშვები თავიანთ საწოლებში დავაბრუნე, სილვიამ დამიძახა და მკითხა  დილის წამლების დალევისდრო ხომ არ იყო. ვუთხარი რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო.
ვერ იძინებდა. მთხოვა ცოტა ხნით მასთან დავრჩენილიყავი. საწოლთან ახლოს ჩამოვუჯექი, ლამფა ჩამქვრალი იყო და ოთახს მხოლოდ ირიბად ანათებდა გარედან შემოსული შუქი.
თვალები დახუჭა, თუმცა მალევე გაახილა, ოდნავ წამოიწია, დამინახა რომ იქ ვიყავი და ისევ დაწვა, თითქოს დარწმუნდა ჩემს იქ ყოფნაში.
ოთახიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოვედი, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ჩაეძინა.
დილით, წამლების მიღებისა და გემრიელად საუზმობის შემდეგ ვიღაც ახალგაზრდა ქალს დაურეკა, რომელიც ადრე დაპირდა, რომ მასთან მივიდოდა და ბავშვებს მოუვლიდა, თუმცა შემდეგ გადაეფიქრებინა. სილვია დიდ ხანს ეცადა გადაერწმუნებინა, მაგრამ უშედეგოდ.
სილვიას ექიმს ველაპარაკე ტელეფონზე. ექიმ ჰორდერს სილვიას გაცნობამდე დიდი ხნით ადრე ვიცნობდი. მან მითხრა, რომ ბავშვებისთვის მხოლოდ მე არ გამეკეთებინა ყველაფერი, რადგან სილვიას უნდა მიეხედა მათთვის, უნდა ეგრძნო, რომ შვილებს სჭირდებოდა ის.
ამიტომაც, როდესაც აბაზანაში შევედი ბავშვების დასაბანად, ხოლო მოგვიანებით სამზარეულოში ნიკისთვის საჭმლის მოსამზადებლად და ტანსაცმლის გამოსაცვლელად, სილვიაც გავიყოლე. მაგრამ სილვიამ ხელი არ დააკარა არც საპონსა და პირსახოცს და არც კოვზს.
საერთოდ გავიდოდი ოთახიდან, მაგრამ ვიცი, სილვია ისევ ჩემს დაბრუნებას დაელოდებოდა. საბოლოოდ ვარჩიე ბავშვებისთვის არაფერი გამეკეთებინა ანდა მათ დამოუკიდებლად მოეხერხებინათ რაიმე. ვამჯობინე დარჩენილიყვნენ უჭმელები, დაუბანლები და გამოსაცვლელი ტანსაცმლით, ვიდრე ყველაფერი ჩემს თავზე ამეღო. ასეც მოვიქეცი.
შემდეგ საღამოს სილვიამ ჩემი მოტანილი, ლურჯ და ნარცრისფერ ფერებში გაწყობილი კაბა ჩაიცვა. დიდ ხანს ივარცხნიდა თმას. როდესაც ვუთხარი, რომ ლამაზად გამოიყურებოდა, ეტყობა ესიამოვნა და გაიღიმა კიდეც.
მითხრა რომ ვიღაცას უნდა შეხვედროდა, თუმცა ვინაობა არ გამიმხილა.
ფრიედას და ნიკს აკოცა და ძილინებისა უსურვა. ფრიედა მას სახლიდან გასასვლელ კარამდე გაედევნა. ვიდრე კარს გააღებდა სილვია დაიხარა გოგონასაკენ და უთხრა “მიყვარხარ.”.
რამდენიმე დღის მერე გავიგე, რომ იმ საღამოს ტედს შეხვედრია. მანვე მოიყვანა მანქანით ჩვენს სალამდე. არ მახსოვს რა დროს დაბრუნდა ან თქვა თუ არა  რაიმე იმ საღამოს.
მხოლოდ ის მახსოვს, რომ მეორე დილით, კვირის ტრადიციული საუზმისას შემოგვიერთდა. როგორც წესი, ამ დღეს წვნიანი, სხვადასხვა გარნირით გაწყობილი ხორცი, ყველი, დესერტი და ღვინო გვქონდა.
სიამოვნებით ჭამა ყველაფერი. ნიკსაც აჭამა. მხიარული თუ არა, ნაკლებად დამწუხრებული მაინც ჩანდა. ბოლოს ყავაც დავლიეთ და წავიჭორავეთ.
ღვინომ მოგვთენთა და როდესაც ბავშვები დასაძინებლად წავიდნენ, ჩვენც წავუძინეთ 4 საათამდე.
როდესაც გავიღვიძეთ, ჩაი დავლიეთ. გერი თავს კარგად გრძნობდა და ბავშვებთან თამაშობდა. ზამთრის ჩვეულებრივი საღამო იყო. მალე კლარა და ლუსიც დაბრუნდებოდნენ. გონებაში ვანაწილებდი როგორ შეიძლებოდა რომ ყველანი მომეთავსებინა ბინაში.
სახლის ბოლო სართულზე იყო ორი თავისუფალი ოთახი და აბაზანა. ვერ გადამეწყვიტა სილვია და ბავშვები ამეყვანა იქ თუ ჩემი გოგონები, ხოლო სილვია ჩემს სართულზე დამეტოვებინა. ამ საფიქრალში ვიყავი, როდესაც მოულოდნელად სილვიამ გამომიცხადა: ” სახლში უნდა დავბრუნდე. თეთრეული მაქვს დასალაგებელი. დილით იმ მედდამ უნდა დამირეკოს, ცუდად ყოფნისას ნიკის მოვლაში რომ მეხმარებოდა.”
ამის თქმა იყო და სასწრაფოდ დაიწყო ნივთების აკრეფვა და ჩანთაში ჩალაგება. რაღაცნაირად ენერგიული მომეჩვენა, თითქოს გამოცოცხლდაო. ასეთი ენერგიული არასდროს მენახა.
გერიმ შესთავაზა დარჩენილიყო, თუმცა სილლვიამ აუცილებლად უნდა წავიდეო.
სხვა გზა რახან არ იყო, გერიმ ჩასვა თავის მანქანაში – ძველ ლონდონურ ტაქსიში, და ფრთხილად გაუყვნენ დათოვლილ ქუჩებს.
გერი ლაპარაკის დიდი მოყვარული არ იყო, ამიტომ წინ მარტო ჩაჯდა, ისე რომ უკან საუბარი არ გაეგონა.
როდესაც შუქნიშანზე გაჩერდნენ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გაიგონა ქვითინის ხმა. მანქანა გააჩერა და სილვიას წინ გადაჯდა.
სილვია კი ტირილს აგრძელებდა. მის ტირილს ბავშვებიც აყვნენ. გერიმ მუხლებზე დაისვა სილვიას შვილები და შესთავაზა რომ უკან, ჩვენს სახლში დაბრუნებულიყვნენ. სილვიამ უარი თქვა. ნელ-ნელა დამშვიდდა და სთხოვა Fitzroy Road-ზე წაეყვანა თავის სახლში.

გერიმ დააბინავა ისინი და შეპირდა რომ მეორე დღეს შეუვლიდა.
როდესაც სახლში დაბრუნდა, მითხრა აჯობებდა ჩვენთან დარჩენილიყო, არამგონია მარტო ცხოვრებას თავი გაართვასო.
მართალი იყო, ვიცოდი, თუმცა მის წასვლაზე დიდად არ დამწყვეტია გული. არ ვაპირებდი რომ მისი და მისი შვილების ძიძა ვყოფილიყავი.
ჩემი ქალიშვილებიც არ დათმობდნენ თავიანთ ოთახს. აღარაც უძილო ღამეების ატანა შემეძლო და გამუდმებულად დამწუხრებული ყოფნა.
ამ ფიქრების გამო, შემდეგ დიდ ხანს მქენჯნიდა სინდისი.
ორშაბათს დილით, დაახლოებით 8 საათზე, ტელეფონმა დარეკა. ვუპასუხე. ექიმი ჰორდერი იყო. მითხრა სილვიამ გაზქურაში თავი შეყო და თავი მოიკლაო.

splath

სილვია პლათი

  • დაიბადა ბოსტონში, აშშ-ში; 1932 წელს;
  • ინგლისში 1956 წელს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მომავალი ქმარი, პოეტი ტედ ჰიუიზი გაიცნო;
  • წყვილი 4 თვის შემდეგ დაქორწინდა და ორი შვილი გააჩინეს;
  • პლათი და ჰიუიზი 1962 წლის სექტემბერში დაშორდნენ, როდესაც სილვიამ გაიგო, რომ ტედი ღალატობდა;
  • პლათმა, 30 წლის ასაკში მოიკლა თავი საკუთარ ბინაში, ლონდონში;

_65762775_img_3761

   

  ჯილიან ბეკერი

  • ჯილიან ბეკერი იოჰანესბურგში დაიბადა 1932 წელს;
  • ლონდონში 1960 წელს გადავიდა თავის ქმართან, ინგლისური ენის მასწავლებელ გერი ბეკერთან ერთად.
  • ბეკერების წყვილი იყო უკანასკნელი ვისაც სილვია სიცოცხლის ბოლოს ეკონტაქტებოდა.
  • ბეკერმა სილვიასადმი მიძღვნილი წიგნი 2002 წელს გამოსცა: “სილვია პლათის უკანასკნელი დღეები.”