თამთა მელაშვილი – სასუფეველი გოგონებისთვის

Posted on March 2, 2013

2



ჯერ არ დარიცხულა, გეუბნება ყოფილი თანამშრომელი. ორივე თვალთან, ამოღამებულ თვალებთან ტუში აქვს გადღაბნილი, აქ დაელოდე. აქ დაელოდე, სკამს გთავაზობს თანამშრომელი შენი გამობერილი მუცლის და შუბლზე გადამსკდარი ოფლის დანახვაზე. სკამს გთავაზობს, რადგან მართლა თუ არა, თითქოს ხომ მაინც მეგობრობდით, როდესაც მეზობელ სალაროებში ისხედით მოწყენილი ბეღურებივით. ისხედით მოწყენილი ბეღურებივით თვალებზე გათხაპნილი იაფფასიანი ტუშით და ნაღვლიანად იბუზებოდით აგრესიული კლიენეტების შემოტევაზე. სკამს გთავაზობს, რადგან ხომ იყავი მისი თანამშრომელი. არ მეგობრობდით, მაგრამ ერთხელ კუპიურების თვლისას გული რომ წაუვიდა, ხომ შენ დააცალე ბოთლში დარჩენილი წყალი სახეზე, უკნასკნელი ტაბლეტი ვალიდოლი ჩაუტენე პირში შიშისგან ფერდაკარგულმა, თან ისე – სასწრაფო არც გამოგაძახებინეს. შენ გადაარჩინე. მერე ისევ კუპიურების თვლისას ძლივსგასაგონი მადლობა მოგიხადა, შენც კუპიურებს ითვლიდი, აღარ გეცალათ. სკამს გთავაზობს, დაჯექი, დაჯექი. ხომ იყავი ოდესღაც მისი თანაშრომელი. მერე თავიდან მოგიშორეს, რადგან ფეხმძიმე ტვირთი ხარ. შენი პატარა ქვეყნის დიდ ბანკს ფეხმძიმე არ სჭირდები. გამოატარეთ, ფეხმძმე გოგოა, გამოატარეთ, ხმამაღლა ამბობს შუა ხნის მამაკაცი, ვინ იცის, შენი რომელიმე ყოფილაგრესიულკლიენტთაგანი. ის ახლა აღარ არის აგრესიული, რადგან შენ ფეხმძიმე ხარ, ბოკვერს უჩენ შენ სამშობლოს, შენ საქართველოს. დაჯექი. დაჯექი. და დაელოდე უკანასკნელი 500 ლარის დარიცხვას, რადგან შენი ბანკი დიდსულოვანია, უკვე გაფრიალებულს გაფრიალებისთვის გირიცხავს უკანასკნელ ხელფასს. შენ ცუდი თანამშრომელი, მაგრამ კარგი გოგო ხარ. ბოკვერს უჩენ შენ სამშობლოს, შენ საქარველოს. ჯერ არ დარიცხულა, ისმის როგორც შორეული ზარების რეკვა, მაგრამ ხომ დაირიცხება, ხომ დაირიცხება? უნდა დაირიცხოს. დღეს უნდა დაირიცხოს, რადგან დღეს უნდა უყიდო მამაოს ფეხსაცემლი. დღეს უნდა უყიდო. შავი, პრიალა ფეხსაცმელი. უნდა უყიდო. რადგან მამაოს გული მოულბო, მეტიც, მისი გული მოიგო. შავიპრიალა ფეხსაცმელით, რადგან ცოდვა გამხელილი სჯობს, იმ მაღაზიაში ცოტა სეილიცაა. მამაო თითქმის ღმერთია, მას უბრალო ფეხსაცმელებს ვერ ჩააცვამ.

-ბიჭს ელოდებით? ყოფილი და აგრესიული კლიენტი თავს იხრის, ქედს იხრის. -დიახ ბიჭია- ღიმილი შეუგებე. ბედნიერი დედის ღიმილი. ვალმოხდილი და ვალმოსახდელი დედის ღიმილი. ფართო ღიმილი. -ღმერთმა დაგლოცოთ, ბიჭის დედა ხართ. ღმერთმა დაგლოცოს, დაგლოცოს მამაომაც, მამაომ დაგლოცოს, ჯერ მამაომ დაგლოცოს. ჯერ მამაომ. მას უნდა უყიდო ფეხსაცმელები. რადგან სამოთხის კართან მამაო დაგხვდება შენი პრიალა ფეხსაცმელით. ის დაგიფარავას ჯოჯოხეთისგან. ის დაგიფარავს. ნააბორტალს, ნაცოდვილარს, ცოდვილს, უღმერთოს. ის დაგიფარავს. -პირველია?- არა მეორე – რადგან ერთი გოგონა უკვე გყავს. ორი წლის ასაკში მან უკვე იცის პირჯვარის წერა და სადილობანას თამაში. ის უკვე არის.

მეორეა, მამაკაცს არა, რიგს ეუბნები, მთელ რიგს ეუბნები. ღმერთმა გვამრავლოს ქართველები, ღაღადებს რიგი. იგი ღაღადებს, აღარ არის აგრესიული.

რადგან ბიჭი იქნება, გოგონა არის. ის არის. კიდევ ტყუპი გოგონა კი ქმარს ეზედმეტება, საქართველოსაც. ამიტომ წადი და მოიშორე. მოიშორე, რადგან ქმარს არ უყვარს პრეზერვატივი, რადგან ნამდვილი კაცი ვარდს აირწინაღით არ ყნოსავს, დაიმახსოვრე, რადგან თავდაცვა ცოდვაა, მამაომ თქვა. რადგან თუკი კიდე გოგო გყოლია, დედას მოგიტყნავ, ეს ქმარმა გითხრა, რადგან გადარჩი. ახლა ბიჭია. ქვეყნის თვალი, ერის სიამაყე. ახლა მამაო აღარ დაგსჯის მეტანიებით, ქმარი ცემით, ღმერთი სასჯელით, რადგან შენ უკვე ყიდულობ, დღეს ყიდულობ, ახლა ყიდულობ პატარა, ტყუპი გოგონების სასუფეველს. ისინი მხოლოდ შენ გახსენდება, ისიც ხანდახან. ამ დროს ისე ხარ, შენი გული თითქოს სანაგვეზე გადაისროლეს. სასწრაფოდ იდებ ხელს მუცელზე, ახალ მუცელზე, ბიჭის მუცელზე, რომ დარმწუნდე, რომ დამშვიდდე, რომ ის აქაა, რომ არსებობს, შენში არსებობს, როგორც გამართლება არსებობისთვის, შენი არსებობისთვის, ჯერ შენი არსებობისთვის. და სანამ ოპერატორი გოგო ხალხის რიგიდან გამოგძახებდეს “დარიცხულია’ იყიდე, იყიდე ეს სიმშვიდე. იყიდე სიმშვიდე შავი, პრიალა ფეხსაცმელებით. იყიდე. იყიდე.

დარიცხულია, ისმის მისი ხმა, დარიცხულია, ისმის მისი ხმა, როგორც შორეული ზარების რეკვა, როგორც ტყუპი გოგონების ხმა, თითქოს გალობენ.