ჰიტლერისა და სტალინის მშობლიური ქალაქები მემკვიდრეობასთან ბრძოლაში

Posted on March 10, 2013

3



_66280264_composite(თარგმანი BBC-დან)

იოსებ სტალინისა და ადოლფ ჰიტლერის მშობლიურ ქალაქებში საზოგადოების აზრი ჯერ კიდევ გაყოფილია, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მემკვიდრეობას, რომელიც მათ მილიონობით ადამიანის დახოცვაზე პასუხისმგებელი დიქტატორებისაგან ერგოთ.

რთულია წარმოიდგინო ორი უფრო განსხვავებული ადგილი ვიდრე გორი საქართველოში და ბრაუნაუ ავსტრიაში.

გორი, თავისი საბჭოთა ეპოქაში აშენებული ნახევრად დანგრეული კორპუსებით, კავკასიონის ქედის მთისწინეთშია განთავსებული.

აქ ჯერ კიდევ შეგიძლიათ ნახოთ 2008 წელს მომხდარი, რუსეთ-საქართველოს ომის იარები, როდესაც რუსი სამხედროები შევიდნენ ქალაქში.

ღარიბული გარემოა. ზამთარშიც კი, ადგილობრივი პენსიონერები ცოტაოდენი ფულის გამომუშავებას მანქანების პარკირებაში დახმარებით ცდილობენ. (სტაიანშჩიკებზეა რა ბაზარი)

ბრაუნაუ, აქ გაატარა ჰიტლერმა სამი წელი

ბრაუნაუ, აქ გაატარა ჰიტლერმა სამი წელი

ბრაუნაუ კი, პირიქით, პატარა, კომფორტული ავსტრიული ქალაქია, კარგად შემონახული შუასაუკნეების დროინდელი ცენტრით.

მდინარე ინზე გადებული ხიდის გადაკვეთისთანავე, ქალაქის მთავარი მოედნიდან არც ისე შორს, აღმოჩნდებით  გერმანიაში, ბავარიაში – ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მხარეში.

თუმცა გორსაც დაბრაუნაუსაც ერთი საერთო აქვთ – ისინი საყოველთაოდ ცნობილები მათი ყველაზე ცნობილი შვილების გამო გახდნენ.

ბრაუნაუში, 1889 წელს ადოლფ ჰიტლერი დაიბადა; გორში კი იოსებ სტალინი დაახლოებით ათი წლით ადრე.

„ბევრ ადამიანს გაანაწყენებთ აქ, თუკი სტალინს ჰიტლერს შეადარებთ,“ – მითხრა ერთ-ერთმა ქართველმა.

„ისინი, მას ადგილობრივ გმირად მიიჩნევენ, ქართველი ბიჭი რომელმაც მეორე მსოფლიო ომი მოიგო და სამყარო შეცვალა. თუმცა საზოგადოების მეორე ნაწილს – განსაკუთრებით პროდასავლურად განწყობილებს – ის სძულთ, როგორც დიქტატორი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა დააკარგვინა.“

„მათ გათანაბრებას არც ვცდილობ,“ – ვპასუხობ მე, -„უბრალოდ მაინტერესებს, როგორ უმკლავდებიან ქალაქები მემკვიდრეობას.“

გორში, სტალინის გარშემო უთანხმოებამ, ქალაქის იერსახე შეცვალა.

წლების განმავლობაში, მთავარ ბულვარს სტალინის ქუჩაზე სტალინისავე უზარმაზარი ქანდაკება ამშვენებდა. (ისე დაუმშვენდა მაგას თავპირი – ლ.ქ.)

თუმცა, 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის პრო-დასავლურმა მთავრობამ, ბევრი გორელის სურვილის საწინააღმდეგოდ ქანდაკება აიღო.

„ბავშვობაში, ველოდიპედით ვსეირნობდი ხოლმე მის გარშემო,“ – იხსენებს 39 წლის ლია, ჩაით გამასპინძლების დროს.

50-იანებში გადაღებული ფოტოც მაჩვენა, რომელიც მობილურ ტელეფონში აქვს შენახული. „ჩვენ გვინდა, რომ ძეგლი დააბრუნონ,“- მითხრა მან. როგორც ჩანს მისი სურვილი მალე ასრულდება, პოლიტიკური ცვლილებების გამო.

გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა, რომელიც რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების აღდგენის მომხრეა.

რამდენიმე კვირის წინ კი, გორის საკრებულომ, რომელსაც ამჟამად „ქართული ოცნება“ მართავს, სპეციალური ფონდი შექმნა სტალინის ძეგლის აღსადგენად.

ძეგლი სტალინის ქუჩის ნაცვლად, გორის მთავარ ტურისტულ ადგილას, სტალინის სახლ-მუზეუმში განთავსდება, რომელიც კვლავაც დიქტატორის მთავარ საკურთხევლად რჩება და 1957 წელს აშენების შემდეგ, თითქმის არ შეცვლილა.

_66289542_stalinsquare

ბრაუნაუში, კი ჰიტლერის სახელობის ქუჩის არსებობა წარმოუდგენელია.

მე-17 საუკუნეში აშენებულ სასტუმროს, რომელშიც ჰიტლერი დაიბადა, არავითარი ნიშანი არ აქვს. ერთადერთი რაც დიქტატორს მოგაგონებთ, ტროტუარზე  არსებული ქვაა, წარწერით – „ფაშიზმი აღარასოდეს განმეორდება. მილიონობით გარდაცვლილის სამახსოვროდ.“ ჰიტლერის სახელიც კი არსად ჩანს.

„გვინდოდა სახლზე მემორიალური დაფის ჩამოკიდება, რათა უბრალოდ ისტორიული ფაქტი აღგვენიშნა,“- მითხრა ქალაქის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, -„თუმცა შენობის მეპატრონემ არ მოგვცა ნება.“

მერე კი ხმადაბლა დაამატა: „რთული ქალბატონია. და ასეთივე რთული საკითხია ჰიტლერიც ამ ქალაქში.“

ბრაუნაუში აზრი კვლავაც გაყოფილია. ერთნი ფიქრობენ რომ ჰიტლერის თემა უფრო ღია უნდა იყოს დისკუსიისათვის, მეორე ნაწილის აზრით კი ის უბრალოდ უნდა დაივიწყონ.

„ჩვენ არ ვართ დამნაშავეები, რომ ჰიტლერი აქ დაიბადა,“ – მითხრა ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, – „ და ჩვენი ქალაქის გამო არ უნდა გვიწევდეს ბოდიშის მოხდა.“

თუმცა ადგილობრივი ისტორიკოსი, ფლორიანი არ ეთანხმება ამ აზრს. „მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერმა სულ რაღაც სამი წელი გაატარა აქ, ბრაუნაუ მაინც დასნეულებულია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად ნაციზმის წინააღმდეგ.“

მესამე რაიხის დროს, ნაცისტებმა შენობა ჩამოართვეს მეპატრონეებს, პომერების ოჯახს. ომის შემდეგ კი ოჯახმა დაიბრუნა ის.

70-იანი წლებიდან მოყოლებული ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს შენობა მეპატრონისაგან ნაქირავები ჰქონდა, რათა ხელი შეეშალათ შენობის საკრალიზაციისთვის.

2011 წლამდე სახლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დღისით მოვლის ცენტრად გამოიყენებოდა. თუმცა შენობამ ეს ფუნქცია დაკარგა, მას შემდეგ რაც მეპატრონემ უარი თქვა მის რეკონსტრუქციასა და გარემონტებაზე. დღის წესრიგში დადგა საკითხი თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ ჰიტლერთან დაკავშირებულ მემკვიდრეობას.

ზოგიერთს უნდა, რომ აქ პასუხისმგებლობის ცენტრი გაიხსნას, ნაცისტურ წარსულთან დასაპირისპირებლად. თუმც ადამიანების ნაწილი ფიქრობს რომ ამ შენობაში საცხოვრებელი ბინები ან კოლეჯი უნდა განთავსდეს.

ერთ-ერთი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის თქმით, აქ სამშობიარო სახლი უნდა გაიხსნას. ერთ-ერთმა რუსმა პარლამენტარმა კი მისი აფეთქებაც შესთავაზათ.

როდესაც მეპატრონის, ქ-ნი პომერის ადვოკატს დავუკავშირდით, ტელეფონზე არ გვიპასუხეს.

ბრაუნაუში ჰიტლერის თემა საგულდაგულოდ იმალება, გორში კი პირიქით, სტალინს არავინ მალავს. საპირისპირო რეაქციებია მძიმე მემკვიდრეობაზე._66280269_tv017408413ap

როდესაც ბრაუნაუს ერთ-ერთ მცხოვრებს ვკითხე რომელი მიდგომა სჯობდა, მითხრა „რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც გაგაკრიტიკებენ. თუმცა ალბათ მაინც სჯობს, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ.“

By Bethany Bell

BBC News