ორჰან ფამუქი ტაქსიმის პროტესტის შესახებ

Posted on June 6, 2013

0



05turkey_cnd-superJumbo

სახალხო მოედნის მოგონებები

გასულ კვირას, სტამბოლში, ტაკსიმის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ქუჩებში პოლიციის წინააღმდეგ მებრძოლი, ცრემლსადენი გაზებით დახუთული მამაცი ადამიანების უკეთ გასაგებად, მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც პირადად გადამხდა. ჩემს მემუარულ წიგნში “სტამბოლი,” მოყოლილი მაქვს თუ როგორ ცხოვრობდა ჩემი ოჯახი ფამუქების კორპუსში, ნიშანთაშში. ჩვენი ბინის წინ 50 წლის წაბლის ხე იდგა, რომელიც საბედნიეროდ კვლავაც იქ დგას. 1957 წელს, მუნიციპალიტეტმა ქუჩის გაფართოების მიზნით მისი მოჭრა გადაწყვიტა. თავხედი ბიუროკრატები და ავტორიტარი ჩინოვნიკები სამეზობლოს წინააღმდეგობას ყურადღებას არ აქცევდნენ. როდესაც ხის მოჭრის დრო დადგა, ჩვენმა ოჯახმა მთელი დღე და ღამე ქუჩაში გაატარა, სადაც რიგრიგობით ვდარაჯობდით წაბლის ხეს. ამ გზით ჩვენ არა მხოლოდ გადავარჩინეთ ხე მოჭრას, არამედ სასიამოვნო მოგონებაც დაგვრჩა მთელი ამ ამბების, რომელსაც დღემდე სიამოვნებით ვიხსენებთ ხოლმე და ყველას გვაერთიანებს.
დღეს, ტაქსიმის მოედანი ის სტამბოლის წაბლის ხეა. 60 წელია სტამბოლში ვცხოვრობ და ვერ წარმომიდგენია, რომ თუნდაც ერთი მცხოვრები არსებობს, რომელსაც რაიმე მოგონება არ აკავშირებს ტაქსიმთან. 1930-იან წლებში, ძველ სამხედრო ბარაკებში, რომლის ადგილასაც სავაჭრო ცენტრის გახსნა გადაწყვიტა მთავრობამ, პატარა საფეხბურთო მოედანი იყო, სადაც ოფიციალურ მატჩებს მასპინძლობდნენ ხოლმე. ცნობილი კლუბი Taksim Gazino, რომელიც 40-იანი და 50-იანი წლების ღამის ცხოვრების მთავარი ცენტრი იყო, გეზის პარკის კუთხეში იდგა. მოგვიანებით, შენობები დაანგრიეს, ხეები კი გადაჩეხეს, მათ ადგილას ახალი ხეები დადგეს, პარკის გასწვრივ კი მაღაზიები და სტამბოლის ყველაზე ცნობილი არტ-სალონები გახსნენს. 60-იანებში, ვოცნებობდი მხატვარი გამოვსულიყავი და ამ გალერეებში გამომეფინა ჩემი ნახატები. 70-იანებში კი სკვერი შრომის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ადგილი გახდა მემარცხენე სავაჭრო კავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ერთი პერიოდი მათ შეკრებებში მეც ვიღებდი მონაწილეობას (1977 წელს, 42 ადამიანი მოკვდა პროვოცირებლი ძალადობისა და ქაოსის დროს, რომელიც აქ მოხდა.) ახალგაზრდობაში ინტერესითა და სიამოვნებით ვაკვირდებოდი ხოლმე პოლიტიკური პარტიების – მათ შორის მემარცხნეების, მემარჯვენეების, ნაციონალისტების, კონსერვატორების, სოციალისტებისა და სოციალ-დემოკრატების – მიერ ტაქსიმზე ჩატარებულ მსვლელობებს.
წელს, მთავრობამ შრომის დღის აღნიშვნა აკრძალა სკვერში. ყველამ იცოდა, რომ ბარაკების აღებასა და მათ ადგილას სავაჭრო ცენტრის გახსნას აპირებდნენ ქალაქის ცენტრის ერთადერთ გამწვანებულ ადგილას. ხალხთან შეუთანხმებლად, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოედნისა და პარკის, რომელთანაც მილიონობით სტამბოლელს მოგონებები აკავშირებს, ერდოღანის ადმინისტრაციის პირველი სასიკვდილო შეცდომა იყო. ასეთი არამგრძნობიარე დამოკიდებულება მთავრობის ავტორიტარიზმისაკენ სწრაფვაზე მეტყველებს. (ადამიანის უფლბების მხრივ ასეთი ცუდი მდგომარეობა ათწლეულის განმავლობაში ჯერაც არ ყოფილა თურქეთში.) მაგრამ ამავდროულად იმედით ვივსები, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანები არ აპირებენ ტაქსიმის მოედანზე დემონსტრაციის ჩატარების უფლებაზე, ბრძოლის გარეშე, თქვან უარი – ანდა თქვან უარი თავიანთ მოგონებებზე.

გამოქვეყნდა The New Yorker-ში.

FILE PHOTOS:  Orhan Pamuk

მაღალხარისხიან თარგმანზე პასუხს არ ვაგებ🙂