არის თუ არა გლენ გრინვალდი ახალი ამბების მომავალი? (I)

Posted on November 2, 2013

3



(ოპ-ედი გამოქვეყნდა The New York Times-ში)

ახალი ამბების მომავალზე დისკუსიისას ყურადღება ძირითადად ბიზნეს-მოდელზე მახვილდება ხოლმე: როგორ მოვახერხებთ იმ შემოსავლების გენერირებას, რომლიდანაც უნდა გადავუხადოთ ხელფასი ადამიანებს, რომლებიც კრებენ და ავრცელებენ ინფორმაციას? თუმცა ინტერნეტის გამანადგურებელი ძალა სხვა ფუნდამენტურ საკითხებსაც წინ წევს, მათ შორის – რა ემართება ჟურნალისტიკას, როგორია მისი ნამდვილი არსი და ღირებულებები? ამ სვეტში არის საუბარი – ძირითადად სამოქალაქო არგუმენტების პოზიციიდან – ორი აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულების შესახებ, თუ რამდენად ასრულებს ჟურნალისტიკა თავის მოვალეობას.

გლენ გრინვალდი არის ადამიანი, რომელმაც გაახმაურა წლის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი – ედვარდ სნოუდენის გამჟღავნებული ინფორმაცია, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (N.S.A) მიერ მასობრივი თვალთვალის აპარატის შექმნის შესახებ. გარდა ამისა გრინვალდი ცნობილია ისეთი ჟურნალისტიკის კრიტიკით, როგორიც კეთდება The New York Times-ის მსგავს გამოცემებში და მხარს უჭერს უფრო აქტივისტურ, შეიძლება ითქვას, პარტიზანულ ჟურნალისტიკას. ოქტომბრის დასაწყისში, მან განაცხადა, რომ უერთდებოდა ახალ ჟურნალისტურ წამოწყებას, რომლის განხორციელებაში დახმარებაც მას eBay-ის დამფუძნებელმა პიერ ომიდიარმა აღუთქვა, 250 მლნ-იან ინვესტიციასაც დაპირდა და „ძველი წესების სამუდამოდ დავიწყებასაც.“ სწორედ ამ თემაზე შედგა დისკუსია გლენ გრინვალდსა და ამერიკელ ჟურნალისტ, The New York Times-ის ყოფილ რედაქტორ ბილ კელერს შორის.

Keller_New-articleInline-v2ძვირფასო გლენ,

ჟურნალისტიკაში ჩვენ სხვადასხვა ტრადიციით მოვედით. მე მთელი ცხოვრება ვმუშაობდი გაზეთებში, რომლებიც შესაძლოა აგრესიულ თუმცა მიუკერძოებელ რეპორტინგზე ჩამოდიან ფსონს, რომლებიც რეპორტიორებისა და რედაქტორებისაგან მოელიან, რომ ისინი თავიანთ აზრებს თავიანთთვისვე შეინახავენ, ვიდრე ოფიციალურად არ გადაინაცვლებენ გვერდებზე, რომლებიც იდენტიფიცირებულია როგორც მოსაზრების (ე.წ. ოფინიონ) გვერდები. შენ კი აქტივისტური ტრადიციიდან მოხვდი ჟურნალისტიკაში – ჯერ როგორც ადვოკატი, შემდეგ ბლოგერი და მესვეტე, მალე კი ახალი, დამოუკიდებელი ჟურნალისტური წამოწყებით გააგრძელებ, რომელსაც eBay-ის დამფუძნებელი პიერ ომიდიარი დააფინანსებს. თქვენი წერის მანერა ცხადად ჩამოყალიბებულ მოსაზრებას მოითხოვს.

გასულ ზაფხულს, Reuters-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მედიაკრიტიკოსმა ჯეკ შაფერმა საზეიმოდ აღნიშნა პარტიზანული ჟურნალისტიკის ტრადიციის გაჩენა -„ტომ პეინიდან გლინ გრინვალდამდე“ – და ის, როგორც თავად უწოდებს, „კორპორატიულ იდეალს“ დაუპირისპირა. მას ეს ფრაზა არ განუმარტავს, თუმცა მეეჭვება კარგ კონტექსტში ეხსენებინოს. მეტიც, ჰენრი ფარელმა, რომელსაც The Washington Post-ზე აქვს ბლოგი, ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ The New York Times-ისა და The Guardian-ის მსგავს გამოცემებს „აქვთ პოლიტიკური ურთიერთობა ხელისუფლებებთან, რაც იძულებულს ხდის მათ გარკვეული ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნებისას (შესაბამისად გადამოწმებისასაც)“ და შემოგთავაზათ, რომ თქვენი და ომიდიარის პროექტი ამგვარი პრაქტიკისაგან თავის დაღწევის საშუალებად ქცეულიყო.

ამერიკელი მებრძოლი ჟურნალიტების ისტორია უამრავი რამით აღმაფრთოვანებს, მეპამფლეტეებისა და ე.წ. „მაკკრეკერბიდან“ მოყოლებული, 60-იანების ახალი ჟურნალისტიკითა და თანამედროვე საუკეთესო ბლოგერებით დამთავრებული. სწორედ მათი (ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ურთიერთობაში მყოფი ჟურნალისტების) თავდაუზოგავი მცდელობები, სიმამაცე და ჟინი იყო ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისა და ე.წ. „პროგრესული ერის“ საწინდარი. ვიმედოვნებ, რომ თქვენ მიერ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მხრიდან მასობრივი თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასაც მოჰყვება დაუყონებლივი რეაგირება და ანგარიშვალდებულებების გაზრდა.

მაგრამ The Times-ისა და სხვა მსგავსი მეინსტრიმული მედიასაშუალებების ჟურნალისტური პრაქტიკა – საუკეთესო შემთხვევაში – იძლევა სიამაყის უამრავ მიზეზს, მათ შორის: უოტერგეიტის სკანდალი, წამებისა და საიდუმლო საპატიმროების პრაქტიკა, ფინანსურ ინდუსტრიაში თანამდებობრივი დანაშაულები და სნოუდენის შემთხვევამდე არაერთხელ გახმაურებული ფაქტები N.S.A-ის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ. ეს ის ამბებია, რომელიც შეიძლება უცბად გაგახსენდეს ადამიანს, მაგრამ ასეთივე ფაქტები ყოველდღე შეგიძლიათ ნახოთ გაზეთებში. ამ ტრადიციაში ჟურნალისტებს უამრავი მოსაზრება აქვთ, მაგრამ გვერდით სწევენ მათ, ფაქტებისადმი თანმიმდევრული მიდგომის ხათრით – ზუსტად ისე, როგორც მოსამართლეებს უწევთ წინასწარგანწყობებზე უარის თქმა კანონისა და სამხილების თანმიმდევრულობის ხათრით – ეს ყველაფერი კი როგორც წესი უფრო სანდო და არსებითი შედეგების მომტანია ხოლმე. მეინსტრიმულ პრესას არაერთი ჩავარდნა ჰქონია – ფაქტების გადაუმოწმებლობა, არაზუსტი ეკვივალენტურობა, სენსაციონალიზმი და უყურადღებობა – რის გამოც არაერთხელ მოგვხვედრია წკეპლა. იმედია იტყვით, რომ ეს წკეპლა არასაკმარისად მოგვხვდა და სიტყვასაც თქვენ გითმობთ.

Glenn_Greenwald

ძვირფასო ბილ,

არავის ეპარება ეჭვი, რომ ჟურნალისტებმა სხვადასხვა მედიაპლატფორმიდან, რა თქმა უნდა, მათ შორის  მოიაზრება The New York Times-იც, არაერთხელ გააშუქეს ფაქტები საუცხოოდ. არც ის მგონია, ვინმე ფიქრობდეს, რომ რეპორტიორის ბოლო ხანებში შექმნილი მოდელი – სუბიექტური პერსპექტივისა და „მოსაზრების“ მაქსიმალური უარყოფით – გამორიცხავს კარგ ჟურნალისტიკას.

თუმცა ამავე მოდელმა ხელი შეუწყო უამრავ ჟურნალისტურ სიბილწესა და მომშხამავ ტრადიციას, რაც ზიანს აყენებს აღნიშნულ პროფესიას. ჟურნალისტი, რომელიც ჩაციკლულია, რომ არასოდეს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება და ყოველთვის გვერდი აუაროს იმის დეკლარირებას თუ რა არის სიმართლე, ირჩევს უფრო მხდალ და უსარგებლო პოზიციას – „აგერ-ორივე-მხარის-მოსაზრება-მე-არ-ვწყვეტ-პრობლემას“ ფორმულით. ეს კი პოლიტიკოსებისა და კორპორაციების წარმომადგენლების უსინდისობის წახალისებაა, რადგან მათ ყოველთვის აქვთ ე.წ. „ობიექტური“ ჟურნალისტების იმედი, რომელთა დახმარებითაც ისინი ტყუილს წინაღობის გარეშე ავრცელებენ. (მაგ:რეპორტინგი დასულია ფორმულამდე „X-მა თქვა Y,” ნაცვლად ფორმულისა „X-მა თქვა Y, რაც ტყუილია.“)

კიდევ უფრო უარესი კი ისაა, რომ ეს სულის შემხუთავი რეგულაციები, თუ როგორ უნდა გამოთქვამდეს რეპორტიორი მოსაზრებას, საბოლოო ჯამში თვით-სტრეილიზებულ ჟურნალისტიკამდე დადის, რაც გარდა იმისა რომ არაეფექტურია, საშინლად მოსაწყენიცაა. თავშეკავება დაუძახო წამებას „წამება“ იმის გამო, რომ მთავრობა უფრო სასიამოვნო ევფემიზმის გამოყენებას მოითხოვს, ანდა ეს წელმოწყვეტილი გაიგივება აშკარა სიცრუისა, აშკარა ტყუილთან, ჟურნალიზმს აბსოლუტურად ცლის მისთვის დამახასიათებელი ვნებათაღელვის, სიცოცხლისუნარიანობისა და ჟურნალისტიკის სულისაგან.

ყველაზე დიდი საშინელება კი ისაა, რომ ზემოაღნიშნული მოდელი მთლიანად მცდარ მოსაზრებაზეა დაფუძნებული. ადამიანი ობიექტურად მომართული მექანიზმი არაა. ჩვენ ყველანი სამყაროს აღვიქვამთ და პროეცირებას ვუკეთებთ შინაგანი, სუბიექტური პრიზმის მეშვეობით. და საერთოდ, რა აზრი აქვს თავის მოკატუნებას?

მოსაზრებების მქონე ჟურნალისტებისა და მოსაზრებების არმქონე ჟურნალისტების შედარების საკითხი საერთოდ არ დგას ჩვენს წინაშე, რადგან ეს კატეგორიზაცია საერთოდ მითიურია. სხვაობის საკითხი დგას შემდეგნაირად: ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ სუბიექტურ მიკუთვნებულობასა და პოლიტიკურ ღირებულებებს არ უარყოფენ და ჟუნრალისტები, რომლებიც  არ აღიარებენ მათ არსებობას და უმალავენ თავიანთ მკითხველებს. მეტიც, ნებისმიერი სახის ჟურნალისტიკა აქტივიზმია. ყოველი ჟურნალისტური არჩევანი მოიცავს ძალზე სუბიექტურ მიკუთვნებულობას – კულტურულს, პოლიტიკურსა თუ ნაციონალისტურს – და ემსახურება ერთ კონკრეტულ მხარეს. ბუშის ადმინისტრაციაში მომუშავე, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთმა იურისტმა ჯეკ გოლდსმიტმა 2011 წელს შეაქო, როგორც თავად უწოდა, „ამერიკული პრესის პატრიოტიზმი,“ რაც ითვალისწინებდა აშშ-ის მთავრობის ინტერესებისა და პოლიტიკისადმი ლოიალურობას და დაცვას. უნდათ ახლა ეს თუ არა მათ, ობიექტურობას ამ შემთხვევასთან არავითარი კავშირი არ აქვს: ეს წმინდა წლის სუბიექტივიზმი და კლასიკური აქტივიზმია.

ერთადერთი ჟურნალისტური საზომი, რომელსაც მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არის სიზუსტე და სანდოობა. მე ვფიქრობ, რომ გულწრფელად გამჟღავნებული სუბიექტური ღირებულებები უფრო სანდო და პატიოსან ჟურნალისტიკას ქმნის, ვიდრე ამ ღირებულებების დამალვა. მაგრამ ვერანაირი ჟურნალისტიკა – სტილისტურად „ობიექტურიდან“ მოყოლებული ყველაზე უფრო ღიად გამოხატული მოსაზრებებით დამთავრებული – ვერ შექმნის რაიმე ღირებულს, თუკი ის ფაქტებს, მტკიცებულებებსა და გადამოწმებად მონაცემებს არ დაეყრდნობა. მტკიცება, რომ ღიად გამოხატული მოსაზრებების მქონე ჟურნალისტები კარგ ჟურნალისტიკას ვერ შექმნიან, ისეთვე მცდარია, როგორც აპელირება იმაზე, რომ თავისუფალი პერსპექტივის მქონე ჟურნალისტიკას არავითარი სარგებლის მოტანა არ შეუძლია.

(დანარჩენსაც გადავთარგმნი მამაკლიანუს)

Tagged: