არის თუ არა გლენ გრინვალდი ახალი ამბების მომავალი? (II)

Posted on November 3, 2013

3



I ნაწილი იხილით აქ

ძვირფასო გლენ,

არ მგონია, რომ  რეპორტიორები ვინმეს თავს აჩვენებენ, თითქოს საკუთარი მოსაზრებები არ გააჩნიათ. მათზე მე ვფიქრობ როგორც რეპორტიორებზე, როგორც პროფესიული დისციპლინის წარმომადგენლებზე, რომლებიც ცდილობენ გვერდით გასწიონ საკუთარი მოსაზრებები და ფაქტებს მისცენ საშუალება თავადვე ილაპარაკონ. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს ინდივიდუალური პრაქტიკა კი არ არის, არამედ პროფესიული დისციპლინის ფარგლებში ხდება, სადაც რედაქტორები დგებიან გამოწვევის წინაშე, რომ მათმა ჟურნალისტებმა მკითხველებს მიაწოდონ მათთვის საჭირო, თუნდაც წინააღმდეგობრივი ფაქტები და არგუმენტები.

საქმე ის გახლავთ, რომ როგორც კი ერთხელ მოახდენთ თქვენი „სუბიექტური ვარაუდებისა და პოლიტიკური ღირებულებების“ დეკლარირებას, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე თქვენ საკუთარი პოზიციის დაცვას იწყებთ, რაც განაპირობებს ფაქტების უგულვებელყოფას ან მინიმიზაციას, არგუმენტების ისე შემოსაზღვრას, რომ მოახდინოთ თქვენ მიერ განცხადებული შეხედულების მხარდაჭერა. მკითხველების ნაწილი, იციან რა, რომ მემარჯვენე ან მემარცხენე პერსპექტივიდან წერთ, წინასწარ დადასტურებული ეჭვებით დაიწყებენ თქვენს კითხვას. თავისთავად, ეს შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში მოხდეს – იმის გაუთვალისწინებლად, თუ რას კითხულობენ ისინი „ლიბერალურ“ New York Times-ში – თუმცა, ვფიქრობ, რომ მკითხველების უმეტესობა ჩვენ სწორედ იმიტომ გვენდობა, რომ ხედავენ ჩვენს გულმოდგინებას და არა ფაქტის ზერელედ გაშუქებას. (ამას წინათ ვნახე ერთ-ერთი კვლევა, სადა Times-ის მკითხველთა უმეტესობა ჩვენს გაზეთს განსაზღვრავდა როგორც „ლიბერალურს.“ თუმცა შეკითხვაზე იყო თუ არა Times „სამართლიანი“ ასევე უმეტესობამ უპასუხა „დიახ.“ ჩემთვის ესეც საკმარისია). ამჟამად მოსაზრებების სფეროში ვმუშაობ, თუმცა რეპორტიორად ან რედაქტორად ყოფნისას ჩემს საქმედ მივიჩნევდი არა იმის თქმას მკითხველისთვის თუ რას ვფიქრობდი ან როგორ უნდა ეფიქრათ, არამედ იმის თქმას, რაც სჭირდებოდათ მათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მისაღებად. მართალი ხარ, ასეთი პროცესის შედეგი ზოგჯერ მწვავე პოლემიკაზე ნაკლებად ამაღელვებელია. სამართლიანობა ზოგჯერ მცდარი ეკვივალენტებს ქმნის და სიტუაციის ევფემიზაციას უწყობს ხელს. მაგრამ საქმის ზედმეტად გაიოლებაა იმის თქმა, რომ სიტყვა „წამების“ რიგ შემთხვევებში არ გამოყენება სიმამაცის ნაკლებობა და ბოროტების ტირაჟირებაა. რა თქმა უნდა, წამებაა როდესაც ადამიანებს წყალში თავს აყოფინებენ, რათა საჭირო ინფომრაცია მიიღონ. მაგრამ თუკი ჟურნალისტი მე მაძლევს ცხად აღწერილობას იმისა, თუ როგორ იყენებდა რომელიმე საშინელი რეჟიმი წამების ამ ხერხის, ამ ყველაფერს კი მოყვება დებატი თუ რომელი კონკრეტული ანდა საერთაშორისო კანონი დაირღვა, საერთოდაც არ მადარდებს გამოიყენებს თუ არა ის სიტყვა „წამებას.“ მე კმაყოფილი და საკმარისად ინფორმირებული ვარ, რათა ჩემი დასკვნა გამოვიტანო.

თუკი ჯეკ გოლდსმიტმა, ბუშის ადმინისტრაციის იურისტმა, ამერიკული პრესა, შენი სიტყვებით რომ ვთქვათ, შეაქო „აშშ-ის მთავრობის პოლიტიკისა და ინტერესების დაცვაში თანამშრომლობის გამო,“ მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად არ ვეთანხმები მას. ჩვენ არაერთი ამბავი გვაქვს გამოქვეყნებული, რომელიც მთავრობის პოლიტიკასა და პროფესიულ ინტერესებს გამოწვევების წინაშე აყენებდა. მაგრამ გოლდსმიტს ეს არ უგულისხმია. მან თქვა, რომ Times და სხვა მსხვილი მედიასაშუალებები სერიოზულად განიხილავენ ნაციონალური უსაფრთხოებისთვის – ანდა კონკრეტული ადამიანების სიცოცხლისათვის, მნიშვნელოვან არგუმენტებს. ეს კი მართალია. ჩვენ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ასეთ გაფრთხილებებს, რის შემდგაც ვიღებთ გადაწყვეტილებას. თუკი დაარწმუნებულები არ ვართ გაფრთხილებების რელევანტურობაში, მთავრობის მძლავრი პროტესტის მიუხედავადაც, ვაქვეყნებთ ხოლმე ინფორმაციას. ხოლო თუკი დავრწმუნდებით სისწორეში, მაშინ ჩვენ ვიცდით მეტი დეტალის გარკვევამდე. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილების მიღება მომიწია 1997 წელს, როდესაც საზღვარგარეთის ამბების რედაქტორად ვმუშაობდი და ერთ-ერთმა რეპორტიორმა შეიტყო რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ დავაზე, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ დარჩენილი გამდიდრებული ურანის მომავალზე. ამ თემაზე დისპუტი თავისთავად საინტერესო იყო, მაგრამ როდესაც ჟურნალისტმა ფაქტები გადაამოწმა, აღმოჩნდა რომ ურანის რეზერვები აბსოლუტურად დაუცველი იყო და ინფორმაციის გაჟღერებას შეიძლება ის მოყოლოდა, რომ ურანი ტერორისტების ხელში აღმოჩენილიყო. მაშინ ჩვენ გვთხოვეს არ გამოგვექვეყნებინა ინფორმაცია, ვიდრე რადიოაქრიური მასალები სათანადოდ არ იქნებოდა დაცული. რა თქმა უნდა ასეც მოვიქეცით. და სულაც არ წარმოადგენდა ეს დიდ სირთულეს.

ჰოდა, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა ნაციონალური უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან თემებთან მიმართებაში, თუკი გეტყვიან რომ ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეებს შეიცავს? (ვაცნობიერებ, რომ ეს სულაც არ არის ზედმეტად ჰიპოთეტური შეკითხვა).

The_New_York_Times

ძვირფასო ბილ,

რატომ ფიქრობთ რომ რეპორტიორები, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს მალავენ, ნაკლებად მანიპუალციურები არიან თავიანთ რეპორტინგში, იმათთან შედარებით ვინც პატიოსნად გამოხატავს საკუთარ აზრებს? საერთოდაც, რაღაცის დამალვა რეპორტიორს მანიპუალაციის მეტ საშუალებას აძლევს,  რადგან მკითხველი რჩება გარკვეული ინფორმაციის მიღებისა და მისი გათვალისწინების საშუალების გარეშე.

მაგალითად, მე არაფერი ვიცოდი Times-ის კორესპონდენტის, ჯონ ბარნსის საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხედულებების შესახებ ერაყზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, ვიდრე თავად ეს ფაქტი არ მოხდა. 2010-2011 წლებში მან არა მხოლოდ ის აღნიშნა რომ ვერ გათვალა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და ნგრევა, რაც ერაყში შეჭრას მოჰყვა, არამედ ამერიკელი ჯარისკაცები „მფარველი ანგელოზები“ და „განმათავისუფლებლები“ ეგონა. და ამის გამო ის ჟურნალისტზე უფრო მეტად აქტივისტია? მე ასე არ ვფიქრობ. როგორც მკითხველს, კი მერჩია, რომ ომის შესახებ მისი შეხედულებების შესახებ თავის დროზე მცოდნონდა, რათა მომესწრო მათი გათვალისწინება.

ვფიქრობ, რთულია ამტკიცო, თითქოსდა დიდი მედიაპლატფორმების მიერ მოთხოვნილი „ცალსახად ობიექტური“ ტონი საზოგადოებრივ ნდობას აღძრავდეს, მითუმეტეს თუკი გავითვალისწინებთ საზოგადოების მხრიდან ამ მედიაინსტიტუციებისადმი არც თუ დიდ პატივისცემას.

და კიდევ უფრო უარესი რამ, ვიდრე უბრალოდ ეჭვები იდეოლოგიურ წინასწარგანწყობებზე, მასმედიისადმი ნდობის ტოტალური გაქრობა სწორედ ისეთმა ქმედებებმა გამოიწვია, როგორიცაა მთავროსათვის დახმარების გაწევა ერაყში შეჭრასთან დაკავშირებული ტყუილების გავრცელებისას, ხოლო თუკი უფრო განვაზოგადებთ, პოლიტიკური ძალაუფლებისადმი მაამებლობამ: ეს პათოლოგიები გაამწვავა რეპორტიორებისათვის აკრძალვის დაწესებამ ნათლად გამოეხატათ აზრი; იმის შიშით რომ წინასწარგანწყობების ქონა დაბრალდებოდათ, ისინი თავს იკავებდნენ მტკიცებით ფორმაში ემხილებინათ პოლიტიკოსების ქმედებები.

რაც შეეხება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლისათვის საფრთხეების გათვალისწინებას მასალის გამოქვეყნებამდე: არავინ დაობს, რომ ჟურნალისტმა ეს უნდა გააკთოს. მაგრამ უდანაშაულო ამრიკელების სიცოცხლეს ნამდვილად ვერ მივანიჭებ უფრო მეტ ღირებულებას უდანაშაულო არაამერიკელების სიცოცხლესთან შედარებით და არც არანაირ განსაკუთრებულ ერთგულებას ვგრძნობ ამერიკის მთავრობისადმი სხვა სახელმწიფოების მთავრობებთან შედარებით, როდესაც რაიმეს გამოქვეყნებას ვაპირებ. რდესაც გოლდსმიტი აქედა ამერიკული მედიის „პატრიოტიზმს,“ ის გულისხმობდა მედიასაშუალებებისადმი ამერიკის მთავრობის ხედვებისა და ინტერესებისადმი გამომჟღავნებულ განსაკუთრებულ ლოიალურობას.

ზოგიერთი ალბათ მეტყვის, რომ ასეც უნდა იყოს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ასეთ აზროვნებას არაფერი აქვს საერთო „ობიექტურობასთან.“ ეს არის ნაციონალისტური, სუბიექტური და აქტივისტური პოზიცია, ანუ ის რის გარდაუვლობასაც მე ვამტკიცებ: ჟურნალისტიკა ნებისმიერ შემთხვევაში სუბიექტურია და აქტივიზმის გარკვეული ფორმით გამოვლინება გარდაუვალია.

არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმასთან დაკავშირებით, როდესაც განსაკუთრებულ საიდუმლოებთან დაკავშირებული მასალების გასვლისას თეთრ სახლს აქვს შესწორებების შეტანის პრიორიტეტული უფლება.

WikiLeaks, რომელიც მაქსიმალური ტრანსფარენტულობის მხარდამჭერად გვევლინება, მასალების გამოქვეყნებამდე ნამდვილად მოითხოვდა თეთრი სახლიდან ერაყისა და ავღანეთის ომების სამხედრო ჟურნალებს, მაგრამ თეთრმა სახლმა უარი თქვა მათთვის პასუხის გაცემაზე. ამის შემდეგ კი გამოვიდნენ და დაიწყეს WikiLeaks-ის კრიტიკა და აცხადებდნენ, რომ მასალების გამოცემისაგან თავი უნდა შეეკავებინათ. მასალის გამოქვეყნებამდელი პროცესი თანაბრად მოითხოვს როგორც ჟურნალისტურ გონიერებას (ჟურნალისტმა უნდა მიიღოს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მასალის გამოქვეყნების რელევანტურობაში დასარწმუნებლად) ასევე იურიდიულ სიბრძნეს (შპიონაჟის აქტების მცოდნე ნებისმიერი იურისტი დაადასტურებს, რომ ამგვარი კონსულტირება ჟურნალისტს თავისი ჩანაფიქრის განმტკიცებაში დაეხმარება.)  N.S.A-სთან დაკავშირებით ჩემი პუბლიკაციების გამოქვეყნებისას – არა მხოლოდ The Guardian-ში, არამედ მთელი მსოფლიოს მაშტაბით მედიასაშუალებებში, – რედაქტორები ყოველთვის საქმის კურსში აყენებდნენ თეთრ სახლს. (თუმცა მიუხედავად მათი მცდელობისა ინფორმაცია არ გამოქვეყნებულიყო, ძირითად შემთხვევაში განსაკუთრებული მიზეზების არარსებობის გამო რედაქტორები უგულვებელყოფდნენ ხოლმე თეთრი სახლის მოთხოვნას.)

ჩემს პროტესტს არა თავად პროცედურა, არამედ კონკრეტული მაგალითები იწვევს, რომლებიც ინფორმაციის გამოქვეყნების აკრძალვამდე მიდის ხოლმე. ყოველგვარი გამიზნული ბოროტების გარეშე ვამბობ, რომ სწორედ ასეთი შემთხვევა იყო, მაგალითად, 2004 წელს Times-ისთვის ბუშის ადმინისტრაციის მიერ N.S.A-სთან დაკავშიირებული ერთ-ერთი საქმის გამოქვეყნებაში ხელის შეშლა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მაგალითია უამარვი მსგავსი შემთხვევიდან.

რომ შევაჯამოთ, ჟურნალისტიკის ღირებულებას მე მის ორ მთავარ მისიაში ვხედავ: საზოგადოებისათვის ზუსტი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება და მისი უნიკალური შესაძლებლობა იყოს ძალაუფლების ქმედითი მაკონტროლირებელი. ნებისმიერი დაუწერელი წესი, რომელიც აღნიშნული ორი მისიის შესრულებას უშლის ხელს არაეთიკურად მიმაჩნია და უგულვებელყოფილი უნდა იყოს.