კურტ ვონეგუტის წერილი სკოლის მოსწავლეებს

Posted on November 7, 2013

2



627

2006 წელს ნიუ იორკის Xavier High School-ის მოსწავლეებს ინგლისური ენის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, მართლწერის შესამოწმებლად დაავალა მიეწერათ წერილი მათი საყვარელი მწერლისათვის და ეთხოვათ მისულიყო მათთან სკოლაში. ხუთმა მოსწავლემ ასეთ მწერლად კურტ ვონეგუტი აირჩია. ერთადერთი საპასუხო წერილი, რომელიც საკმაოდ დამაფიქრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის და რომელიც მათ გამოუგზავნეს შერჩეულმა ავტორებმა, სწორედ კურტ ვონეგუტის იყო:

“პატივცემულ Xavier High School-ს, მის ლოკვუდს, ასევე ქალბატონ პერინს, მაკფელის, ბატენს, მაურერსა და კონგიუსტას:

დიდი მადლობა, თქვენი მეგობრული წერილებისათვის. თქვენ მართლაც რომ  კარგად იცით, როგორ უნდა გააბედნიერეოთ ბებრუხანა ადამიანი (84 წლის) თავისი ცხოვრების მზის ჩასვლის ჟამს. დიდი ხანია საჯარო სივრცეში გამოჩენას თავი დავანებე, რადგან უფრო და უფრო ვემსგავსები იგუანას.

ერთადერთი რისი თქმაც მსურს, სულაც არ წაგართმევთ დიდ დროს: გამოსცადეთ თქვენი თავი რაიმე ტიპის ხელოვნებაში, მუსიკაში, სიმღერაში, ცეკვაში, სამსახიობო ხელობაში, ხატვაში, ფერწერაში, ძერწვაში, პოეზიაში, მხატვრულ ლიტერატურაში, ესეებისა და რეპორტაჟების წერაში, არ აქვს მნიშვნელობა კარგად გამოგიდთ რომელიმე მათგანი თუ ცუდად, გამოსცადეთ თქვენი თავი არა ფულისა და დიდების მოსახვეჭად, არამედ საკუთარ თავში რაღაც განსაკუთრებულის აღმოსაჩენად, საკუთარი სულის გასამდიდრებლად და გამოსაზრდელად.

სრული სერიოზულობით გეუბნებით! დაიწყეთ ხელოვნების კეთება ახლავე, და აკეთეთ მთელი ცხოვრება. დახატეთ თუნდაც მის ლოკვუდის სასაცილო ანდა მშვენიერი სურათი და აჩუქეთ მას. იცეკვეთ სახლში სკოლის შემდეგ, იმღერეთ შხაპის მიღებისას და ასე გააგრძელეთ დაუსრულებლად. დახატეთ ადამიანის სახე თქვენს კარტოფილის პიურეში. წარმოიდგინეთ თავი გრაფ დრაკულად.

ესეც თქვენი დღევანდელი დავალება და იმედია მის ლოკვუდი არადამაკმაყოფილებელ ნიშანს დაგიწერთ, თუკი არ შეასრულებთ: დაწერეთ ექვსხაზიანი ლექსი ნებისმიერ თემაზე, ოღონდ გარითმული იყოს. ბადის გარეშე ტენისი სამართლიანად არ ითამაშება. შეეცადეთ მაქსიმალურად კარგი გამოგივიდეთ. მაგრამ არავის უთხრათ რას აკეთებთ. არავის ანახოთ და ციტატაც კი არავის წაუკითხოთ, არც შეყვარებულს, არც მშობლებსა და არც მის ლოკვუდს. კარგით?

დაანაკუწეთ ფურცელი და ჩაყარეთ ერთმანეთისაგან განცალკევებულ ნაგვის ურნებში. აღმოაჩენთ, რომ თქვენ უკვე საკმარისი სარგებელი მიიღეთ თქვენი პოეზიისაგან. თქვენ ისწავლით თქვენი თავის გამოხატვას, აღმოაჩენთ უამრავ რამეს საკუთარ თავში და თქვენს სულს დიდ საზრდოს მისცემთ.

ღმერთმა დაგლოცოთ,

კურტ ვონეგუტი.

ჩემმა თარგმანმა თუ არ მოგხიბლათ, აგერ ორიგინალიც

ჩემმა თარგმანმა თუ არ მოგხიბლათ, აგერ ორიგინალიც