როგორ აფერხებს სოციალური მედია დისკუსიას

Posted on August 26, 2014

0



5953-thumb-720x340

წყარო: NY Times

By: Claire Cain Miller

ინტერნეტი, შესაძლოა მართლაც ხელსაყრელი ინსტრუმენტია აქტივისტებისა და ორგანიზტორებისათვის „არაბული გაზაფხულიდან“ მოყოლებული „Ice Bucket Challenge“-ის ჩათვლით, მაგრამ ახალი მონაცემების მიხედვით, მან პოლიტიკური ჩართულობა გაზრდის ნაცვლად შეამცირა.

სოციალური ქსელები, როგორიცაა „ფეისბუქი“ და  „ტვიტერი,“ აზრთა მრავალფეროვნებაზე შემაკავებელ ეფექტს ახდენს და საჯარო საკითხებზე დისკუსიას ახშობს. ისინი იძულებულს ხდიან ადამიანს ნაკლებად გამოთქვას მოსაზრებები, მითუმეტეს თუკი მისი შეხედულებები განსხვავდება იმავე თემაზე მისი მეგობრების შეხედულებებისაგან, აღნიშნულია გასულ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში, რომელიც Pew Research Center-ისა და რატგერსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წარადგინეს.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ სოციალურ ქსელებს გაცილებით უფრო თავშეკავებულები არიან რეალურ ცხოვრებაში  განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირებისას.

„ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ სოციალურ მედიას პოულობენ ახალ გზებს პოლიტიკაში ჩაბმისთვის, თუმცა პოლიტიკურ ჩართულობასა და უბრალო განსჯას შორის დიდი განსხვავებაა,“ – ამბობს კიტ ჰემპტონი, რატგერსის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ასოცირებული პროფესორი და კვლევის ავტორი. „ადამიანებს ნაკლებად უჩნდებათ აზრის გამოთქმისა და საწინააღმდეგო მხარის მოსმენის სურვილი, მაშინ როცა ეს ურთიერთქმედებაა, რომელსაც გვინდა რომ დემოკრატიის პირობებში ვხედავდეთ.“

მკვლევართა ერთ-ერთი მიზანი იყო დაკვირვებოდნენ ინტერნეტის ეფექტს ე.წ. „სიჩუმის სპირალზე,“ თეორიას რომლის მიხედვითაც, ადამიანები ნაკლებად აფიქსირებენ მოსაზრებას თუკი სწამთ, რომ ის  განსხვავდება მათი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და კოლეგების შეხედულებებისაგან. ბევრს მიაჩნდა, რომ ინტერნეტი ამ თეორიას საფუძველს გამოაცლიდა, რადგან ინტერნეტი უფრო და უფრო მეტ განსხვავებულ ადამიანს აკავშირებს და უმცირესობებისათვის ერთგვარი მეგაფონის ფუნქციასაც ითავსებს.  

ნაცვლად ამისა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ინტერნეტი ზეგავლენას ახდენს რეალურ სამყაროზე, სადაც ადამიანები ყოველთვის მათი მსგავსი მოსაზრებების მქონე მეგობრებისაკენ ილტვოდნენ და გაურბოდნენ განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვას. (სწორედ ესაა მიზეზი ძველი წესისა, რომ სადილის დროს რელიგიისა და პოლიტიკის ადგილი არაა.)

და გარკვეული თვალსაზრისით, ინტერნეტმა ეს უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავა. ადამიანებისათვის გაცილებით უფრო იოლია იკითხონ ის ნიუსები და მოსაზრებები, რომელთაც ეთანხმებიან. ხშირ შემთხვევაში, ისინი ამას შეგნებულად არც კი აკეთებენ.  გასულ კვირას, „ტვიტერმა“ განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდება იმ ადამიანების „ტვიტების“ ნახვაც კი, რომლის „ფოლოუერიც“ არ ხართ, მაგრამ  რომლის „ტვიტებმაც“ საკმარისად ბევრი „ფოლოვერის“ მოწონება დაიმსახურა. (ანუ თუკი ბევრი „დააფავორიტებს“ თქვენს „ტვიტს,“ მაშინ მისი ნახვა ყველას შეეძლება – ლ.ქ.) ორშაბას კი „ფეისბუქმა“ დაადასტურა, რომ იგი დამალავს კონკრეტული ტიპის სათაურების მქონე ნიუსებს მომხმარებლების ნიუსფიდში. მაშინ როდესაც, ონლაინ ხულიგნებისაგან თავდასხმა, ადამიანების მიერ საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისას, სოციალური მედიის საიტებისა და მათი მომხმარებლებისათვის მზარდ პრობლემად იქცა.

ადამიანები, რეალურად, შეჩვეულები არიან სხვებისაგან თანხმობის ნიშნად თავის ქნევას, გამუდმებით კითხულობენ რეპლიკებს რათა განსაჯონ ეთანხმებიან თუ არა მას, აღნიშნავენ მკვლევრები. სოცმედიის აქტიური მომხმარებლები უამრავ ასეთ რეპლიკას იღებენ – მაგალითად, სტატუსები, ნიუსები რომელთაც აშეარებენ, ფოტოები თუ როგორ ატარებენ დღეს – შესაბამისად, უფრო და უფრო ნაკლებად უჩნდებათ სურვილი რომ ამ ყველაფერზე ხმამაღლა ისაუბრონ.

pi_14-08-26_spiral-silence-01

კვლევისთვის, ავტორებმა ადამიანებს სთხოვეს დაეფიქსირებინათ აზრი ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს თვალთვალის ფაქტების შესახებ ედვარდ სნოუდენისგან გამჟღავნებასთან დაკავშირებით. ამ თემაზე ამერიკელთა მოსაზრებები თითქმის თანაბრად იყოფოდა შუაზე.

გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ამ თემაზე ისინი სიამოვნებით ისაუბრებდნენ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან სადილისას, ანდა სათემო შეკრებების დროს თუ სამუშაოზე.  ორად ორი მოცემულობა, სადაც ისინი დისკუსიას არ ისურვებდნენ Facebook და Twitter-ია. ხოლო ისინი, ვინც  Facebook-ს დღეში რამდენჯერმე მოიხმარს, ორჯერ უფრო ნაკლებად გამოთქვამდნენ ამ თემაზე საუბრის სურვილს რეალურ ცხოვრებაში, მეგობრებთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუკი Facebook-ის მომხმარებლებს ეცოდინებოდათ, რომ მათი ფეისბუქ-მეგობრები მათ პოზიციას გაიზიარებდნენ, 1.9-ჯერ მეტია შანსი იმისა, რომ ისინი შეუერთდებოდნენ დისკუსიას. ხოლო უფრო მძაფრი დამოკიდებულების მქონე ადამიანები (როგორც მთავრობის მიერ თვალთვალის მომხრე, ასევე მოწინააღმდეგეები) 2.4-ჯერ უფრო მეტად გამოთქვამდნენ სურვილს ფეისბუქ-დისკუსიაში ჩასაბმელად. საინეტესოა, რომ ნაკლებად განათლებულ ადამიანებს უფრო მეტად ჰქონდათ სურვილი Facebook-ზე დისკუსიის, მაშინ როცა შედარებით განათლებული ადამიანები ჩუმად ყოფნას ანდა მეგობრებთან თუ ჯახის წევრებთან საუბარს არჩევდნენ.

კვლევისას ასევე აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა დისკუსიისთვის სოციალური მედია ახალი ამბების განხილვისა და მოძიების ადგილი ხდება, N.S.A-ის სკანდალთან დაკავშირებით ინფორმაცია მათ ტელევიზიიდან თუ რადიოდან მიიღეს, ხოლო Facebook და Twitter ყველაზე ნაკლებად მიაჩნდათ ახალი ამბების წყაროდ.

ეს მიგნებები მეტნაკლებად შეზღუდულია, რამდენადაც მკვლევრები მხოლოდ ერთ კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებულ მოვლენებს სწავლობდნენ. თუმცა განვიხილოთ კიდევ ერთი წინააღმდეგობრივი საზოგადოებრივი საკითხი, რომელსაც მომხმარებლები აქტიურად განიხილავდნენ ონლაინ – მისურის შტატში, ფერგიუსონში მიმდინარე პროტესტი. იმ პოსტებს შორის რომელსაც ფეისბუქსა და ტვიტერზე კითხულობდით თქვენს ნაცნობებთან, რამდენის მოსაზრებას იზიარებდით ან არ იზიარებდით და რამდენად გიჩნდებოდათ სურვილი თავად ჩაბმულიყავით დისკუსიაში?