მზადება 21-ე საუკუნის ჟურნალისტიკისთვის, დაეხმარეთ სტუდენტებს გახდნენ ექსპერტები

Posted on December 14, 2014

1



photo_56893_wide_large
გამოქვეყნდა: The Chronicle of Higher Education-ში.
ავტორი:  G. Pascal Zachary
(ყველგან სადაც წერია „ხელსაწყოები“ იგულისცმება “tools;” ასევე „უნარები“ – „skills.” დავწერდი თულები და სქილები-თქო, მარა მერე რომელიმე მზექალა შანიძე/შუქია აფრიდონიძე გამომიხტებოდა და თავის მართლება მომიწევდა, რომ ენაი ქართული ჭეშმარიტად დამარხულ არს.)

ჟურნალისტიკა კრიზისშია და ეს ნიშნავს, რომ კრიზისშია ჟურნალისტური განათლებაც. ტრადიციულ გაზეთებსა და ტელევიზიებში სამუშაო ადგილები მცირდება, ხელფასები კი აღარ იზრდება. ციფრულ მედიაზე გადასვლამ, მართალია გააჩინა ახალი როლები ჟურნალისტებისათვის, მაგრამ, საერთო ჯამში, სრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილების რაოდენობა რადიკალურად შეამცირა. მომავალში კი ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება. რობოტი ჟურნალისტები, რომლებიც ძირითადად პროგრამული თუ ციფრული ქსელების ფორმით არსებობენ, უკვე ახერხებენ გამოყენებადი ამბების შეთხზვას, სულ მცირე ზოგად თემებთან დაკავშირებით მაინც, რომლებიც ახალი ამბების ძირითად თემებს წარმოადგენს.

ჯორჯიის უნივერსიტეტის ყოველწლიური კვლევის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებები       ჟურნალისტიკის შესწავლის მსურველ სტუდენტთა რაოდენობის მცირეოდენ კლებას იწვევს. კვლევაში, რომელიც American Journalism Review-ის დაკვეთით მერილენდის უნივერსიტეტმა გამოქვეყნა ივლისში, ნათქვამია: „ჟურნალისტიკაზე სტუდენტთა ჩარიცხვის მსურველთა კლება იძულებულს ხდის ადმინისტრაციებს, რადიკალურად შეცვალონ კურსების სტრუქტურა და კურიკულუმები.“

ეს ცვლილებები ხაზს უსვამს სტუდენტებისთვის ციფრული უნარ-ჩვევების რეგულარული რაციონის მიწოდების აუცილებლობას – როგორ გამოიყენონ სოციალური მედია ვიდეოებისა და ვებ-ზე ორიენტირებული კონტენტის სწრაფად შექმნისათვის, როგორ გააშუქონ ამბები ადამიანების, ადგილებისა თუ თემების შესახებ, მულტიმედია ხელსაწყოების სრული კომპლექტის გამოყენებით. ჩემი უნივერსიტეტი, არიზონას შტატში, რომლის შემადგენლობაშიც არის უოლტერ კრონაკაიტის სახელობის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის სკოლა, უკვე წლებია ამ რეფორმის ავანგარდშია და ცდილობს ცოდნაზე მეტად უნარ-ჩვევების გაძლიერებას შეუწყოს ხელი, რათა სტუდენტები თანაბრად ფლობდნენ პრინტ, ფოტო, ვიდეო და მულტიმედია „პაკეტებს.“

ჟურნალისტიკის ბევრი პროგრამა მხარს უჭერს ამ მოდელს, სწავლების სხვადასხვა დონეზე, და წინ წამოსწევს საკითხს, რომ ციფრული უნარების ინოვაციური გამოყენება საბოლოო ჯამში თვით-განადგურებამდე მივა, რადგან ხელსაწყოები სწრაფად იცვლება  და ადვილად გამოსაყენებელი ხდება. ამ ყველაფრის პარალელურად კი, ეს ხელსაწყოები უფრო და უფრო მიბმული ხდება ავტომატიზირებულ ციფრულ სისტემებზე. ტელეწამყვანის გუნდი, რომელიც მარტოა ოთახში, გარშემო კომპიუტერიდან კონტროლირებადი კამერებით, ხმის, გრაფიკისა და დაცვის სისტემებით, ეს უკვე რეალობაა.

ზემოთ ნახსენები ციფრული ხელსაწყოები პარადოქსულად სასარგებლონი არიან საკუთარ თავთან მიმართებაში და ამავდროულად ისინი არწმუნებენ სტუდენტებს საგანმანათლებლო ცენტრების ხელმოცარულობაში. „ჟურნალისტურმა სკოლებმა ორიენტირი უფრო და უფრო მეტად უნდა აიღონ პროფესიაზე და არა თავად უნივერსიტეტზე,“ – აღნიშნულია  კოლუმბიის ჟურნალისტური სკოლის 2013 წლის ანგარიშში  „ჟურნალისტების განათლება.“

ანგარიშის მთავარი რეკომენდაცია კი მის ქვესათაურში იკითხება: „ახალი გამოწვევა უნივერსიტეტის ტრადიციისთვის.“ ანგარიში მოწოდებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკული ჟურნალისტიკა, საგნის სპეციფიკა და მეცნიერული კვლევა თანაბრად უნდა ისწავლებოდეს. ჩემი აზრით, კოლუმბიის სკოლის მცდელობა დაამკვიდროს ახალი სტანდარტი არასიცოცხლისუნარიანი და ზედმეტად ოპტიმისტურია. თუმცა ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ციფრული ხელსაწყოების პრომოუშენი ახალ ორთოდოქსიად იქცა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მოკრძალებული პასუხია იმ რადიკალურ ცვლილებებზე, რაც ჟურნალისტებსა და მათ საქმიანობაში მოხდა.

ეს ამბავი საიდუმლო არც არავისთვისაა. ათობით ათას ჟურნალისტიკის სტუდენტს, აშშ-ში, გარკვეული საფასურის გადახდა უწევს ციფრული უნარების სასარგებლოდ დაწყებული ცვლილებების გამო: გაუცხოება უნივერსიტეტის არსისაგან, ინსტიტუციისგან, რომელიც ცოდნის შეძენასა და კვლავწარმოებაზეა ორიენტირებული.  ვიდრე ჟურნალისტიკის სტუდენტები ცდილობენ უნარების განვითარებას, სხვა, გაცილებით უფრო ტრადიციული აკადემიური პროფესიების, განსაკუთრებით მეცნიერებებისა და ბიომედიცინის სტუდენტები, აგროვებენ ცოდნას, რომელიც მათ აძლევს პლატფორმას ან პარადიგმას, რაც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ცოდნის დაგროვებისა და ჟურნალისტიკაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას მისცემთ.

სინამდვილეში, კარგი ჟურნალისტიკა დამოკიდებულია გამოცდილებაზე, რომელიც კონკრეტულ სფეროებში პროფესიონალად ყოფნისას გროვდება, მჭიდრო კავშირშია კონკრეტულ დისციპლინებთან და ინტერდისციპლინურ უნარებთან. და მაშინ როდესაც ჟურნალისტიკის სკოლებს ჰგონიათ, რომ დარგის გაქრობის თავიდან ასაცილებლად ციფრულ უნარებზე ორიენტირებაა გამოსავალი, ფართო საზოგადოებისათვის ჟურნალისტიკა ძირითადად ექსპერტების მიერ იქმნება, რომლებიც მასობრივ აუდიტორიამდე პირდაპირი გზით აღწევენ, მაგალითად TED-ის კონფერენციების, ბლოგების, სტატიების თუ ტვიტების მეშვეობით. გაიხსენეთ პოლ კრუგმანი, ეკონომისტი, რომელიც ამჟამად ცნობილი თავისი ჟურნალისტური საქმიანობითაა, რომელიც ეკონომიკას, საჯარო პოლიტიკასა და მსოფლიოში მიმდინარე ამბებს ეხება. ანდა, ნეიტ სილვერი, რომელსაც ასევე ეკონომისტის დიპლომი აქვს და დღეს დღეობით პლანეტის ყველაზე გავლენიან ჟურნალისტად მოისაზრება.

დღესდღეობით მრავალი არაფიზიკურ შრომაში ჩაბმული კომპანია ცდილობს საკუთარი კრუგმანის ყოლას, რისთვისაც საკუთარ ვებგვერდებს ტბორავენ ინფორმაციით გაჯერებული კონტენტით, რომელიც არამხოლოდ კონკურენციას უწევს ჟურნალისტიკას (და არაინფორმაციულ კონტენტს!), არამედ სულ უფრო და უფრო მეტად ყალიბდება საყოველთაო ჟურნალისტიკის მოდელად.  შეგვიძლია ამ მოდელს „ხელოსნური“ ჟურნალისტიკა ვუწოდოთ, იმასთან შედარებით, რასაც ჟურნალისტები აკეთებდნენ ტრადიციულად. როდესაც ჟურნალისტიკაში მოვედი, 70-იანების ბოლოს, ლოჯისტიკა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ექსპერტობა. იოლად ვართმევდი თავს მედიატორობას. დავდიოდი ქალაქის მერიაში და ვაკვირდებოდი კრებებს. მივდიოდი პოლიციის სამმართველოებში და მომქონდა ანგარიშები. მე ვიყავი მედიუმი პოპულარულ ათლეტსა და მის ფანებს შორის.

მედიატორული ჟურნალისტიკის დრო დიდი ხანია გავიდა. ნაცვლად ამისა ჟურნალისტებს სჭირდებათ სიღრმისეული ცოდნა. და პირველ რიგში ეს უნდა გააცნობიერონ ჟურნალისტიკის სტუდენტებმა და მათმა მასწავლებლებმა. ვინც ტექნოლოგიური ცვლილებებს თვალყურს ადევნებს, იცის, რომ ციფრული რევოლუციით გამოწვეული „კრეატიულ დესტრუქციას“ ვერაფერი შეაჩერებს. ტვიტერი,  ახალი ამბების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელსაწყო ტელეგრაფის შემდეგ, არ არსებობდა 10 წლის წინ. ინსტაგრამი კი, რევოლუცია ფოტოგრაფიაში, 5 წლის წინ არ არსებობდა.

ერთადერთი რამ, რაც ჭეშმარიტებაა ჟურნალისტიკაში – თუ ეს ასე არაა, მაშინ ასე უნდა იყოს – არის ის, რომ უნარები და ხელსაწყოები, რომელთაც ახლა სწავლობთ ნამდვილად არ გამოგადგებათ დიდ ხანს. მეორე მხრივ, მოსთხოვო სტუდენტებს ისწავლონ უფრო ადვილად იდენტიფიცირებადი საგნები, მაგალითად ფიზიკა, ფილოსოფია, ეკონომიკა ან ინფორმატიკა, „ჟურნალისტურ განათლებას ინტელექტუალურ მიმართულებას მისცემს“ და ხელს შეუწყობს იმ მიდგომის პოპულარიზაციას, რომლის მიხედვითაც, ღირებულია „ცოდნა ცოდნის გამოყენების შესახებ,“ ამტკიცებს ტომას ე. პატერსონი 2013 წელს გამოცემულ წიგნში „Informing the News: The Need for Knowledge-Based Journalism.“

პატერსონის მიმართულებას, შესაძლოა გაუცნობიერებლად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სფეროს რეფორმირებისათვის. ჟურნალისტიკის სტუდენტებში ექსპერტულობის დონის გაზრდისა და მათი მომავლის გაძლიერებისათვის, ორ მთავარ სიახლეს განვიხილავთ:

  • გაერთიანებული მეიჯორი პროგრამების ხელშეწყობა და შექმნა. სტუდენტებს ცხრილში გმოეყოფათ დრო ეკონომიკის, ფიზიკის ან პოლიტიკის შესასწავლად, მაგალითად. აკადემიური მეიჯორი პროგრამების შესწავლით ისინი დააგროვებენ ცოდნას, რის პარალელურადაც ისინი შეიძენენ ჟურნალისტურ უნარებს და ისწავლიან ციფრული ხელსაწყოების გამოყენებას.
  • ჟურნალისტიკის ფაკულტეტებს უნდა მოეთხოვოთ აკადემიურ დისციპლინებთან მჭიდრო კავშირების დამყარება. ეს შესაძლოა მოხდეს მათთვის ყველაზე მომიჯნავე სამეცნიერო კონტენტის იდენტფიცირების მოთხოვნით, რის შემდეგაც უნდა მოხდეს სართო შეხვედრების ორგანიზება ანდა ამ დეპარტამენტებთან კავშირების გაღრმავება. ინტერდისციპლინური კომუნიკაცია აკადემიკოსებთან და მეცნიერებთან, ჟურნალისტიკის პროფესორებს დაეხმარებათ ასწავლონ თავიანთ ჟურნალისტებს, როგორ უნდა შეურწყან ერთმანეთს ვიწრო პროფესიული ცოდნა და ხარისხიანი ჟურნალისტიკის ძალა.

ჟურნალისტიკის როგორც პროფესიის კრეატიული დესტრუქციულობა კვლავაც მთელი ძალით მძვინვარებს. ბევრი რამ ჯერაც ბუნდოვანია, მაგრამ ცხადია, რომ: ციფრული ქსელების საყოველთაობის პირობებში, როცა ახალი ამბების გავრცელება უმცირეს ადამიანურ ძალისხმევას ითხოვს, წარმატებული ჟურნალისტი ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს, ის უნდა იყოს ცოდნის მარკერი.