ეტგარ კერეტი – ტაქსისტი

Posted on March 28, 2015

1



29mag-29lives.t_CA0-blog427როგორც კი ტაქსიში ჩავსხედით, გულმა ცუდი მიგრძნო.  იმიტომ კი არა რომ მძღოლმა ბავშვისთვის ღვედის შეკვრა მომთხოვა სასწრაფოდ, მიუხედავად იმისა რომ უკვე შეკრული მქონდა, ანდა იმიტომ კი არა რომ როცა ვუთხარი რამატ განზე მივდიოდით, რაღაც ჩაიბურდღუნა, რომელიც შეგინებასავით გაისმა. ხშირად მიწევს ტაქსით სიარული და შეგუებული ვარ მძღოლების ხასიათსაც, მათ მოუთმენლობასაც და დალაქავებულ იღლიებსაც. უბრალოდ რაღაც სხვა, ნახევრად მოძალადის და ნახევრად ტირილის პირას მყოფი ადამიანის იგრძნობოდა ამ კაცის ლაპარაკში, რის გამოც საშინლად უხერხულად ვიგრძენი თავი.

ლევი მაშინ 4 წლისაც არ იყო და ბებიასთან მიმყავდა. ჩემგან განსხვავებით, ტაქსისტზე საერთოდ არ ფიქრობდა და ძირითადად მაღალი, უშნო შენობების თვალიერებით იყო გართული. თან თავისი გამოგონილი ტექსტით, რომლის სიტყვებიც ინგლისურს გავდა, “Yellow Submarine”-ს ღიღინებდა. თავის მოკლე ფეხებს აქანავებდა ჰაერში სიმღერის რიტმზე. უცებ, მისი მარჯვენა სანდალი ტაქსის პლასტმასის საფერფლეს მოხვდა და საფერფლე იატაკზე დაეცა. საღეჭი რეზინის ქაღალდის გარდა შიგ არაფერი იყო, შესაბამისად იატაკზეც არაფერი დაყრილა. ის-ის იყო ქაღალდის ასაღებად დავიხარე, რომ მძღოლმა უცებ დაამუხრუჭა, შემოგვიტრიალდა, სახე ჩემი შვილის სახესთან მიიტანა და ღრიალი დაიწყო:“ შე დებილო ბავშვო, დამილეწე ბარემ მანქანა, იდიოტო!“

„შენ ხო არ გარეკე?“ – დავუყვირე მეც მძღოლს,- „3 წლის ბავშვს რის გამო უყვირი?  რაღაცა ერთი ციცქნა პლასტმასის გამო? შებრუნდი ახლა და გააგრძელე გზა თორემ გეფიცები მომავალი კვირიდან აბუ კაბირის მორგში მკვდრების პარსვა მოგიწევს, იმიტომ რომ შენს ცხოვრებაში საჯარო ტრანსპორტს ვეღარ გაეკარები. გესმის?“ და რომ დავინახე, რაღაცის თქმას აპირებდა, მივაყოლე: “მოკეტე ახლა და გზა გააგრძელე.“

ტაქსისტმა ზიზღით სავსე მზერა მესროლა. ჰაერი დაიმუხტა იმის ალბათობით რომ სახეში მხეთქავდა და სამსახურსაც დაკარგავდა. კარგა ხანი ამ ფიქრებში იყო, მერე ღრმად ჩაისუნთქა, შებრუნდა, დაქოქა მანქანა და წავდა.

ტაქსის რადიოში ბობი  მაკფერინი მღეროდა “Don’t Worry, Be Happy,” მაგრამ ამ მომენტში ბედნიერების გარდა ყველაფერს ვგრძნობდი. ლევს შევხედე. არ ტიროდა და მიუხედავად იმისა რომ საცობში გავიჭედეთ, მალევე მივუახლოვდით ჩემი მშობლების სახლს. ვცდილობდი ამ მგზავრობაში, რამე კარგიც დამენახა, მაგრამ შეუძლებელი იყო. ლევს გავუღიმე და თმები ავუჩეჩე. მანაც შემომხედა, მაგრამ არ გაუღიმია, „მა,“ – მკითხა – „რა უნდოდა იმ კაცს?“

– იმ კაცმა თქვა, – სწრაფადვე ვუპასუხე, ვითომც არაფერი, – რომ მანქანით მგზავრობისას, უნდა მიაქციო ყურადღება შენი ფეხის მოძრაობას, რამე რო არ დაამტვრიო.

ლევმა თავი დააქნია, ფანჯარაში გაიხედა და ერთი წამის მერე ისევ მკითხა: „და შენ რა უთხარი იმ კაცს?“

– მე? – კითხვა შევუბრუნე ლევს, ცოტა დრო რომ მომეგო, – მე ვუთხარი რომ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებოდა, მაგრამ თავისი სათქმელი მშვიდად და ზრდილობიანად უნდა ეთქვა და არა ყვირილით.

– ხო მარა, შენც ხომ უყვირე იმ კაცს, – მითხრა დაბნეულმა.

– ჰო, ვიცი. ცუდად მოვიქეცი და იცი რა? ვაპირებ, რომ ახლავე მოვუბოდიშო.

ისე ახლოს მივუტანე სახე ტაქსისტს, რომ მის სქელ, თმიან კისერს ლამის პირით შევეხე და ხმამაღლა, პათოსით ვუთხარი, „ბატონო მძღოლო, ბოდიშს გიხდით, რომ დაგიყვირეთ. არ ვიყავი მართალი.“ და ისევ ლევს გავხედე და გავიღიმე. შევეცადე ყოველ შემთხვევაში. სადაც იყო იაბოტინსკის ქუჩაზე თავს დავაღწევდით საცობს.

– კი მარა, მამა, – მითხრა ლევმა, თან თავისი პატარა ხელი მუხლზე შემეხო – ახლა მაგ კაცმა უნდა მომიხადოს მე ბოდიში.

გაოფლიანებულ მძღოლს შევხედე, ჩვენ წინ რომ იჯდა. ცხადი იყო, მთელი გზა უსმენდა ჩვენს დიალოგს. მაგრამ კიდევ უფრო ცხადი იყო, რომ 3 წლის ბავშვისთვის ბოდიშის მოხდის თხოვნა, მაინც და მაინც კარგი იდეა არ იყო. დაძაბულობამ პიკს მიაღწია. „საყვარელო,“ – დავიხარე ლევისკენ, -„შენ ხომ პატარა, ჭკვიანი ბიჭი ხარ და უკვე ბევრი რამე იცი სამყაროზე, თუმცა არა ყველაფერი. მათ შორის ის, რომ ზოგჯერ ბოდიშის მოხდა შეიძლება ყველაზე მეტად გაგიჭირდეს ადამიანს. მითუმეტეს როცა მანქანაში ზიხარ და სადმე მიდიხარ, ასეთი რთული რამის გაკეთება შეიძლება ძალიან, ძალიან სახიფათო იყოს და ბოდიშის თქმის დროს, შეიძლება ავარიაც მოგივიდეს. მაგრამ იცი რა? მგონი არაა საჭირო რომ მძღოლს ვთხოვოთ ბოდიშის მოხდა, იმიტომ რომ მარტო შეხედვითაც ჩანს რომ ძალიან წუხს თავის საქციელზე.“

უკვე ბიალიკის ქუჩაზე ვიყავით. ერთი შეხვევაღა გვრჩებოდა მარჯვნივ ნორდაუზე და მერე ერთიც მარცხნივ სიმტათ ჰაბეერზე. ორ წუთში ადგილზე ვიქნებოდით. „მამი,“- მოჭუტული თვალებით შემომხედა ლევმა, -„არა მგონია, რომ წუხდეს.“

იმავე წამს, ნორდაუს აღმართის შუაში, მძღოლმა უცბად დაამუხრუჭა, მერე ხელის მუხრუჭი ამოწია, შემოგვიტრიალდა და სახე ლევის სახესთან მიიტანა. თვალებში ჩახედა ლევს და ერთი წუთის მერე ჩაიჩურჩულა „შვილო, დამიჯერე, ძალიან ვწუხვარ.“

—————————-

გამოქვეყნდა NYTimes-ში. ეტგარ კერეტის ეს ესე შესულია წიგნში “შვიდი კარგი წელიწადი,” რომელსაც Riverhead Books ივნისში გამოსცმს ინგლისურად.